მზია ამაღლობელის საქმე

ამაღლობელმა სასამართლოს კობახიძის, მდინარაძის და სუბარის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა

მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელმა 2025 წლის 07 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.

სარჩელით მოთხოვნილია ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის მიერ სხვადასხვა დროს მასობრივი მედია-საშუალებების გზით მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.

"2025 წლის 29 იანვარს, ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში - კერძოდ, საღამოს 11 საათზე, სატელევიზიო გადაცემა "იმედი LIVE"-ში, ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით - კერძოდ, ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

"ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი..

მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან". - თქვა სუბარმა.

2025 წლის 30 იანვარს, მასობრივი მედია-საშუალებების წინაშე ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით - კერძოდ, მასობრივი მედია-საშუალებების წინაშე ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

"როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა.

შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის". - თქვა კობახიძემ.

2025 წლის 16 აპრილს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში - კერძოდ, საღამოს 10 საათზე, სატელევიზიო გადაცემა "ღამის კურიერი"-ში, ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით - კერძოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

"უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა". - თქვა კობახიძემ.

2025 წლის 03 თებერვალს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული სამთავრობო ბრიფინგის დროს, მამუკა მდინარაძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს მამუკა მდინარაძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით - კერძოდ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული სამთავრობო ბრიფინგის ფარგლებში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

"გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ჯერ "სტიკერი" დააკრა პოლიციელს - ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. პოლიციის უფროსთან მივიდა 1 თუ 2 საათის გამოშვებული მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და შემდეგ შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა, დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციისა და პოლიციელის რეპუტაცია. სპეციალურად ამიტომ დაარტყა პოლიციის უფროსს ხელი და ამოარჩია ეს ადამიანი.

ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ამას ტრენინგებზე ასწავლიან, რომ მაღალჩინოსანს, მის ხელქვეითებთან, მის დაქვემდებარებულ ადამიანებთან, გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია და ასე ჩამოშალონ სახელმწიფო. უშუალოდ ამ სიბინძურის ამსრულებელი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ მზია ამაღლობელი". - თქვა მდინარაძემ.

2025 წლის 05 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში - კერძოდ, საღამოს 11 საათზე, სატელევიზიო გადაცემა "იმედი LIVE"-ში, სოზარ სუბარის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს სოზარ სუბარს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით - კერძოდ, ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

"ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა "სტიკერი" პოლიციელს ზურგზე და არ მგონია ეს ახლა ნორმალური საქციელი, რა გითხრათ". - თქვა სუბარმა.

სასარჩელო მოთხოვნები ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ელ ნაწილს, მე-12 მუხლს, 31-ე მუხლის 1-ელ და მე-4 ნაწილებს. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს. "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონის 1-ელი მუხლის "ე" ქვეპუნქტს და მე-17 მუხლის 1-ელ ნაწილს". - ნათქვამია სარჩელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სასამართლოს ახალი ადმინისტრაციული საქმით მიმართა. 

საქმეზე სხდომა დღეს, 7 მაისს, 12:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, მას მოსამართლე მარიანა ფომაევა განიხილავს.

გამოცემა ბათუმელების ცნობით, შსს ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება, კერძოდ, 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას - იერსახის დამახინჯებას.

მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო, 11 იანვარს ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს.

მედიამ ამაღლობელის ახალი საქმის შესახებ, სასამართლოს განრიგიდან გაიგო. როგორც ბათუმელები წერს, უცნობია მიაწოდეს თუ არა სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია მზია ამაღლობელს.

შეგახსნებთ, ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე შსს ამაღლობელს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.


ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნა.

კომენტარები