გარდაცვლილი პატიმარი

"ძალადობის ფაქტი არ ყოფილა" – იუსტიცია გარდაცვლილი პატიმრის კადრებს ასაჯაროებს [VIDEO]

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე", ასაჯაროებენ გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძესთან "დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია". 

5 მაისს, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მკურნალობის მიუხედავად, პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს დაახლოებით ნახევარსაათიან ვიდეოს, სადაც ჩანს 21, 22 და 23 იანვრის ჩანაწერის კადრები. 

როგორც იუსტიციის სამინისტრო  განმარტავს, არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ასაჯაროებენ "მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს".

"გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის.

ვიდეო N1 - 2025 წლის 21 იანვარს 14:35 საათიდან 15:10 საათამდე პერიოდში ბრალდებული ი.გ. გაყვანილი ჰყავდათ აბანოში, საიდანაც უვნებლად ბრუნდება საკანში.

ვიდეო N2 - 2025 წლის 22 იანვარს 13:16 საათზე ბრალდებული ი.გ. გამოიყვანეს საკნიდან და რეკავს ტელეფონზე;

13:25 საათზე შედის ექიმის ოთახში (სადაც ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობს);

13:32 საათზე პატიმარი დააბრუნეს საკანში.

ვიდეო N3 - 2025 წლის 23 იანვარს 08:09 საათზე მომსახურე პატიმარმა მიაწოდა საკვები;

09:24 საათზე ჩატარდა საკნის დილის შემოწმება (საკნიდან არავინ არ გამოსულა) საკანში შევიდა თანამშრომელი, დაჰყო 1 წუთამდე და გამოვიდა;

09:32 საათზე დარიგდა საკვები;

11:24 საათზე მომსახურე პატიმარმა საკნის კართან დადო მაღაზიის პარკი;

11:32 საათზე თანამშრომელმა შეაწოდა აღნიშნული პარკი (საკანში არ შესულა), კარიდან ესაუბრებოდა 1 წუთამდე;

12:40 საათზე საკანთან მივიდა სოციალური დანაყოფის თანამშრომელი (არ შესულა), გაესაუბრა საამანათე დარაბიდან;

13:51 საათზე საკანთან მივიდა მომსახურე პატიმარი და ესაუბრებოდა საამანათე დარაბიდან;

14:03 საათზე დარიგდა საკვები;

14:25 საათზე თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საკანში;

14:27 საათზე საკანში შევიდნენ ექიმი და ექთანი;

14:51 საათზე პატიმარი ი.გ. საკაცით გაიყვანეს საკნიდან;

15:00 საათზე დაწესებულებაში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა;

15:01 საათზე სასწრაფოს ექიმები შევიდნენ სამედიცინო ოთახში;

15:19 საათზე სასწრაფოს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან და 15:21 საათზე პატიმარი საკაცით მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში;

15:24 საათზე სასწრაფოს მანქანა გავიდა ე.წ. „შლუზიდან".

15:58 საათზე ბრალდებული შეყავთ კლინიკა „ვივამედში“

საქმეზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

გამოძიების შედეგები საზოგადოებას მისი დასრულებისთანავე ეცნობება.

კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულის ი.გ.-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს". - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველი 5 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ შეისწავლეს "რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს".


5 მაისს, გირჩი მეტი თავისუფლების ერთ-ერთი დამფუძნებელმა, თემურ გორგაძემ, გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის ცნობის დოკუმენტს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ძალიან მკაფიოდ დასტურდება რომ ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები.

 გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ, ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ იოსებ გორგაძის საქმეში "სავარაუდოდ, გარეულები არიან დაწესებულების თანამშრომლებიც".

30 იანვარს გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაყვანილი პატიმრის ადვოკატის ამბობდა, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაში იყო. როგორც ადვოკატი მუხრან ღურწკაია ინტერპრესნიუსთან აღნიშნა, "გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა".

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, "რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა".

29 იანვარს, გლდანის ციხესთან პატიმრის ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. ისინი ადმინისტრაციისგან განმარტებებს (თუ ვინ გაუსწორდა პატიმარს ფიზიკურად) და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

როგორც ბრალდებულის მამამ მედიას უთხრა, შვილის ჯანმრთელობის შესახებ ორი დღის წინ გაიგო, თუმცა, ბრალდებული კლინიკაში 23 იანვარს გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

კომენტარები