გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის უფლებადამცველის, მუხრან ღურწკაიას ცნობით, გორგაძის საქმეზე სასამართლო დავას აპირებენ.
ღურწკაიას თქმით, გორგაძის საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებენ.
"ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ დავას, ჯერ საქართველოს ფარგლებში და შემდგომ, რა თქმა უნდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იმიტომ, რომ რეალურად ფაქტი ერთი რამ არის, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, ცოცხალი ადამიანი შევიდა პენიტენციურ დაწესებულებში და მკვდარი გამოიყვანეს იქიდან. აქ დარღვეულია ადამიანის ყველა უფლება და ჩვენ ვაპირებთ ყველანაირ სამართლებრივ დავას ამ საქმეში იმიტომ, რომ სხვანაირად ფიზიკურად არის შეუძლებელი.
ფაქტი ის არის, რომ პენიტენციური სამსახური და საგამოძიებო ორგანოები ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ადგენენ". - თქვა ტვ პირველთან საუბრისას ღურწკაიამ.
7 მაისს ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ თქვა, რომ გარდაცვლილმა პატიმარმა, იოსებ გორგაძემ სასიკვდილო დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო.
"მინდა, გამოვრიცხო ის სპეკულაციები, რაც 2 დღეა, გვესმის, რომ თითქოს, ძალადობის მონაწილეები პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იყვნენ - ეს ცალსახად გამორიცხულია. დღეს გამოქვეყნებული ვიდეომასალით აშკარად დასტურდება, რომ პაციენტს, აწ უკვე გარდაცვლილ პირს, სახეზე რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
[...] სავარაუდოდ, მან თავის არეში მძიმე დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო - ამას გამოძიება დაადგენს და შესაბამისი ექსპერტიზების შემდეგ გახდება ცნობილი. პატიმარმა სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო ის დაზიანებები, რომლებიც, შემდგომ, სასიკვდილო აღმოჩნდა". - თქვა სალიამ.
5 მაისს, გირჩი მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თემურ გორგაძემ, გარდაცვლილი პატიმრის ჯანმრთელობის ცნობის დოკუმენტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "ძალიან მკაფიოდ დასტურდება, ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები".
გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ, გამოთქვა ვარაუდი, რომ იოსებ გორგაძის საქმეში "სავარაუდოდ, გარეულები არიან დაწესებულების თანამშრომლებიც".
30 იანვარს გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაყვანილი პატიმრის ადვოკატი ამბობდა, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაში იყო. როგორც გორგაძის ადვოკატმა ინტერპრესნიუსთან აღნიშნა, "გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა".
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, "რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა".
29 იანვარს, გლდანის ციხესთან პატიმრის ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. ისინი ადმინისტრაციისგან განმარტებებს (თუ ვინ გაუსწორდა პატიმარს ფიზიკურად) და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
როგორც ბრალდებულის მამამ მედიას უთხრა, შვილის ჯანმრთელობის შესახებ ორი დღის წინ გაიგო, თუმცა, ბრალდებული კლინიკაში 23 იანვარს გადაიყვანეს.
სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა".





