გირჩი მეტი თავისუფლების ერთ-ერთი დამფუძნებელი, თემურ გორგაძე, გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის ცნობის დოკუმენტს აქვეყნებს და წერს, რომ "ძალიან მკაფიოდ დასტურდება რომ ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები.
"რადგან ცხონებული იოსებ გორგაძე ჩემი მოგვარეა, (ერთი სოფლიდან ვართ, ის მერე წალკაში გადავიდა საცხოვრებლად) ჯერ კიდე იანვარშიც და ამ დღეებშიც ბევრმა ნაცნობმა მკითხა ამბის შესახებ. ისეთი სიტუაცია, და ისეთი ამბავია, რომლის მოყოლა ძალიან რთულია. ამიტომ, ვინც მეკითხებოდა ვცდილობდი ხოლმე არაფერი მეთქვა. მაგრამ, რადგან უკვე საჯაროდაც ბევრი ინფორმაცია დაიდო, შევცდები ამბავი მოკლედ დავწერო. თან ვეცდები ისე ვთქვა რომ არაფერი დავაზიანო.
იოსებ გორგაძე არის ადამიანი რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა 2024 წლის ოქტომბერსვე. შემთხვევის მეორე დაზარალებული მხარე იყო ადამიანები რომლებიც 2024 წლის 23 ოქტომბერს ქართული ოცნების (არჩევნების წინა) ბოლო შემაჯამებელი შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. (ბევრი არც ვიცი). მხოლოდ ის ვიცით რომ ავტო საგზაო შემთხვევისას მეორე მხარეს ადამიანები გარდაიცვალნენ. იოსებ გორგაძე დააკავეს. მოთავსებული იყო გლდანის ციხეზე.
2025 წლის იანვრის ბოლოს თანამესაკნემ მის პირად ნივთებში იპოვა ადვოკატის ნომერი, დაურეკა და უთხრა იოსები საკნიდან გაიყვანეს მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. ხომ არ იცით როგორ არის, ან იქნებ მოიკითხოთო. ოჯახმა და ადვოკატებმა ერთი კვირის ძებნის შემდეგ ცხონებული იოსები მიაკვლიეს კლინიკა ვივამედში. როგორც ვიცი გლდანის ციხიდან წასულ ფორმა ასში (თუ რაც ჰქვია მაგას) დიაგნოზი ეწერა (გულის შეტევაო. თუ რაღაც მსგავსი). მაგრამ რეალურად ვივამედში ადამიანი გადაყვანილი იყო უკვე კომაში და ძალიან ნაცემი. ვივამედის მიერ გაცემულ ჯანმრთელობის ცნობაშიც კი ძალიან მკაფიოდ დასტურდება რომ ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები. (ცნობასაც კომენტარებში დავდებ).
2025 წლის იანვრიდან მოყოლებული გუშინდლამდე ცხონებული იოსები იყო კომაში და ვივამედში აპარატზე შეერთებული. გუშინ საღამოს გარდაიცვალა.
ღმერთმა მას ჯენნეთი მისცეს და ახლობლებს მოთმენა-გამძლეობა. ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს. პ.ს: ყველაფერი რაც მე აქ დავწერე, არის საჯარო. ნაწილი ერთ მედიაში გაჟღერდა ნაწილი მეორეში. ვივამედის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობაც (კომენტარებში დევს) სოციალურ ქსელებში დაიდო გარდაცვლილის ახლობლების მიერ.
მოკლედ ამბავი არის ასეთი". - წერს გორგაძე.

ჯანმრთელობის ცნობაში ნათქვამია, რომ გორგაძეს კლინიკაში მოთავსებისას აღენიშნებოდა "თავის ტკივილი, პერიოდულად დეზორიენტაცია, ძილიანობა, სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან, მარცხენა წარბის მიდამოში მცირე ზომის ნახეთქი სისხლმდენი ჭრილობა, მარცხნივ თხემის არეში ექსკორიაცია, კანქვეშა ჰემატომა". ის პენიტენციურში ნახეს "იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში, კონტაქტში არ შემოდიოდა".
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ვივამედში გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით "იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები".
განცხადებაში წერია, რომ "ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება".
ინტერპრესნიუსთან საუბარში პატიმრის ადვოკატმა თქვა, რომ გორგაძე კლინიკაში "სასტიკად ნაცემი" 30 იანვარს გადაიყვანეს.
"წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო". - უთხრა IPN-ს ადვოკატმა.
განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატი, სადაც ნათქვამია, რომ აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები, საიდანაც გაირკვა, რომ "უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები".
30 იანვარს გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაყვანილი პატიმრის ადვოკატის ამბობდა, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაში იყო. როგორც ადვოკატი მუხრან ღურწკაია ინტერპრესნიუსთან აღნიშნა, "გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა".
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, "რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა".
29 იანვარს, გლდანის ციხესთან პატიმრის ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. ისინი ადმინისტრაციისგან განმარტებებს (თუ ვინ გაუსწორდა პატიმარს ფიზიკურად) და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
როგორც ბრალდებულის მამამ მედიას უთხრა, შვილის ჯანმრთელობის შესახებ ორი დღის წინ გაიგო, თუმცა, ბრალდებული კლინიკაში 23 იანვარს გადაიყვანეს.
სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.





