პენიტენციური სამსახური განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ვივამედში გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით "იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები".
განცხადებაში წერია, რომ "ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება".
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებული ი. გ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია.
გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ბრალდებული ი.გ. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.
იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან. საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება.
ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით". - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან "ვივამედში" მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოცემასთან საუბარში პატიმრის ადვოკატმა თქვა, რომ გორგაძე კლინიკაში "სასტიკად ნაცემი" 30 იანვარს გადაიყვანეს.
"წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო". - უთხრა IPN-ს ადვოკატმა.
განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატი, სადაც ნათქვამია, რომ აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები, საიდანაც გაირკვა, რომ "უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები".





