გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაყვანილი პატიმრის ადვოკატის თქმით, 46 წლის იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ადვოკატი მუხრან ღურწკაია ინტერპრესნიუსთან ამბობს, "გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა“.
"გლდანის მე-8 დაწესებულებაში იყო მოთავსებული, ავარიასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულია, ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამ საქმეზე მის ინტერესებს ვიცავდი, უპატიოსნესი ადამიანია.
ის 23 იანვარს შეიყვანეს ვივამედში ინსულტის ნიშნებით. რეალურად, ადამიანს სახის ძვლების არცერთი ადგილი მთელი არ აქვს, ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები ჰქონდა და ექიმი არ აღწერს არაფერს, ინსულტი აქვს, იატაკზე ეგდო და შესაბამისად, რეანომობილით გადავიყვანეთ კლინიკაშიო. რატომ არ აღწერეს გარეგანი დაზიანებები და რატომ შეიყვანეს ინსულტის დიაგნოზით, როცა ამ კაცს ინსულტი არ აქვს? არცერთ განცხადებას არ აკეთებენ, თუ რა მოხდა რეალურად. მოვითხოვე, რომ კამერები დაარქივდეს. გამოძიება დაწყებულია და ყველა ადამიანის უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.
მძიმე მდგომარეობაშია, აპარატზეა შეერთებული. სახის მიდამოებში დაახლოებით, 37 მოტეხილობა აქვს, ტვინის შეშუპება აქვს და უმძიმესადაა. ვინ და რატომ ცემა, ეს ჩვენთვის უცნობია. არცერთხელ ციხიდან არ დაურეკავთ არც ჩემთვის და არც ოჯახისთვის, თქვენი შვილი საავადმყოფოშიაო.
დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, ეს ფაქტია. ეს ამბავი პატიმარმა შემატყობინა, გორგაძის თანამესაკნე ვარ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, ხომ არ იცი როგორ არის, მისი თანამესაკნე ვარო. ამის შემდეგ დავიწყე მოკვლევა“, - უთხრა ღურწკაიამ ინტერპრესნიუსს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, "რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა".
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ-ს მიმართ ძალადობა განხორციელდა. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.
განვმარტავთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ-ს ან მის უფლებადამცველს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.
2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა და დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებულს ჩაუტარდა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევები და მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელდა შესაბამისი სამედიცინო ინტერვენცია. ამჟამად ბრალდებული ი.გ. კვლავ იმყოფება სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაშია ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებსა და სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით". - წერია განცხადებაში.
29 იანვარს, გლდანის ციხესთან პატიმრის ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. ისინი ადმინისტრაციისგან განმარტებებს (თუ ვინ გაუსწორდა პატიმარს ფიზიკურად) და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
როგორც ბრალდებულის მამამ მედიას უთხრა, შვილის ჯანმრთელობის შესახებ ორი დღის წინ გაიგო, თუმცა, ბრალდებული კლინიკაში 23 იანვარს გადაიყვანეს.
სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. ასევე, სამედიცინო ცენტრი ვივამედის ქირურგი და კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.





