პატიმრის გარდაცვალება

ადვოკატი პატიმრის გარდაცვალებაზე: სავარაუდოდ, გარეულები არიან დაწესებულების თანამშრომლებიც

კლინიკა ვივამედში გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ადვოკატი ვარაუდობს, რომ პატიმრისთვის მიყენებულ დაზიანებებში მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების "თანამშრომლების ხელიც ურევია".

იოსებ გორგაძე გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში, მრავლობითი დაზიანებებით, 23 იანვარს გადაიყვანეს. დღეს, 5 მაისს, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მკურნალობის მიუხედავად, პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ადვოკატი, მუხრან ღურწკაია ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სახის და თავის არეში 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა მიყენებული. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადვოკატი ეჭვობს, რომ გორგაძის, სავარაუდო, ცემაში მხოლოდ პატიმრები არ მონაწილეობდნენ.

"გამოძიება მიმდინარეობს, დაახლოებით, 4 თვეა, მაგრამ არანაირი შედეგი - არავისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, არც დაუკავებიათ და სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. პირიქით, გამოძიებას აქვს ის ვერსია, რომ, სავარაუდოდ, იოსებ გორგაძე წაიქცა და მიიღო ეს დაზიანებები.

მას აქვს თავის და სახის მიდამოებში, დაახლოებით, 30-ზე მეტი დაზიანება. წარმოუდგენელია, ერთი წაქცევით, ასეც რომც იყოს, ეს დაზიანებები მიეღო.

[...]

წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გაეკეთებინათ ეს, ამაში სავარაუდოდ არის გარეული დაწესებულების თანამშრომლების ხელი". - ამბობს ადვოკატი TV პირველთან

პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც. უწყების ცნობით, ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა "მყისიერად დაიწყო" გამოძიება. "ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება". როგორც პენიტენციური აღნიშნავს, გამოძიებაში ჩაერთო სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. 

რაც შეეხება კლინიკის პოზიციას, როგორც ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, პატიმრის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი თავის ტვინის ტრავმაა.


30 იანვარს გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაყვანილი პატიმრის ადვოკატის ამბობდა, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაში იყო. როგორც ადვოკატი მუხრან ღურწკაია ინტერპრესნიუსთან აღნიშნა, "გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა".

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, "რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა".

29 იანვარს, გლდანის ციხესთან პატიმრის ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. ისინი ადმინისტრაციისგან განმარტებებს (თუ ვინ გაუსწორდა პატიმარს ფიზიკურად) და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

როგორც ბრალდებულის მამამ მედიას უთხრა, შვილის ჯანმრთელობის შესახებ ორი დღის წინ გაიგო, თუმცა, ბრალდებული კლინიკაში 23 იანვარს გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

კომენტარები