გარდაცვლილი პატიმარი

გლდანის ციხიდან "ვივამედში" მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა

ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან "ვივამედში" მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოცემასთან საუბარში პატიმრის ადვოკატმა თქვა, რომ გორგაძე კლინიკაში "სასტიკად ნაცემი" 30 იანვარს გადაიყვანეს.

"წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო". - უთხრა IPN-ს ადვოკატმა.

განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატი, სადაც ნათქვამია, რომ  აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები, საიდანაც გაირკვა, რომ "უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები".

"მედიით ვრცელდება ინფორმაცია კლინიკა "ვივამედში" პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პატიმრის, მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში მოთავსების ფაქტი საჯარო 2025 წლის 29 იანვარს გახდა. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო საკითხის შესწავლაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდა კლინიკაში. ასევე, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, პირადად პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს.

სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით". - ნათქვამია განცხადებაში.

ტაბულა დაუკავშირდა ვივამედის კლინიკას, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ პატიმარზე "უნდა დავუკავშირდეთ პენიტენციურ სამსახურს".

დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

30 იანვარს გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაყვანილი პატიმრის ადვოკატის ამბობდა, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაში იყო. როგორც ადვოკატი მუხრან ღურწკაია ინტერპრესნიუსთან აღნიშნა, "გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა".

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, "რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა".

29 იანვარს, გლდანის ციხესთან პატიმრის ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. ისინი ადმინისტრაციისგან განმარტებებს (თუ ვინ გაუსწორდა პატიმარს ფიზიკურად) და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

როგორც ბრალდებულის მამამ მედიას უთხრა, შვილის ჯანმრთელობის შესახებ ორი დღის წინ გაიგო, თუმცა, ბრალდებული კლინიკაში 23 იანვარს გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

კომენტარები