გარდაცვლილი პატიმარი

სალია: პატიმარმა სასიკვდილო დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო

ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ამბობს, რომ გარდაცვლილმა პატიმარმა, იოსებ გორგაძემ სასიკვდილო დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო.

"მინდა, გამოვრიცხო ის სპეკულაციები, რაც 2 დღეა, გვესმის, რომ თითქოს, ძალადობის მონაწილეები პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იყვნენ - ეს ცალსახად გამორიცხულია. დღეს გამოქვეყნებული ვიდეომასალით აშკარად დასტურდება, რომ პაციენტს, აწ უკვე გარდაცვლილ პირს, სახეზე რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა [...]  

სავარაუდოდ, მან თავის არეში მძიმე დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო - ამას გამოძიება დაადგენს და შესაბამისი ექსპერტიზების შემდეგ გახდება ცნობილი. პატიმარმა სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო ის დაზიანებები, რომლებიც, შემდგომ, სასიკვდილო აღმოჩნდა". - თქვა სალიამ.

5 მაისს, გირჩი მეტი თავისუფლების ერთ-ერთი დამფუძნებელმა, თემურ გორგაძემ, გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის ცნობის დოკუმენტს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ძალიან მკაფიოდ დასტურდება რომ ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები.

გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ, ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ იოსებ გორგაძის საქმეში "სავარაუდოდ, გარეულები არიან დაწესებულების თანამშრომლებიც".

30 იანვარს გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაყვანილი პატიმრის ადვოკატი ამბობდა, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაში იყო. როგორც ადვოკატი მუხრან ღურწკაია ინტერპრესნიუსთან აღნიშნა, "გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა".

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, "რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა".

29 იანვარს, გლდანის ციხესთან პატიმრის ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. ისინი ადმინისტრაციისგან განმარტებებს (თუ ვინ გაუსწორდა პატიმარს ფიზიკურად) და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

როგორც ბრალდებულის მამამ მედიას უთხრა, შვილის ჯანმრთელობის შესახებ ორი დღის წინ გაიგო, თუმცა, ბრალდებული კლინიკაში 23 იანვარს გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

კომენტარები