MEGOBARI აქტი

მახაშვილი MEGOBARI აქტზე: ჩვენი აზრით, წინააღმდეგობაშია ახალი ადმინისტრაციის სურვილებთან

"მათი საქმე ისეა - "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, გამიშვით ცხვარი წავიდაო", მაინც აგრძელებენ იგივეს" - ასე აფასებს ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, დღეს დაგეგმილ, MEGOBARI აქტის განხილვას.

მახაშვილის მტკიცებით, კონგრესმენების პოლიტიკა საქართველოში "აურზაურის და დაპირისპირების შემოტანაა" - "ამიტომ, გააგრძელონ, როგორც უნდათ" - ამბობს ივანიშვილის დეპუტატი.

მახაშვილის აზრით, კონგრესმენებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან დაპირისპირების სურვილი ამოძრავებთ და მოლოდინი აქვს, რომ აქტის საბოლოოდ მიღება ვერ მოხდება.

"გაუგებარია რას წარმოადგენს საერთოდ და რა ინტერესები და სურვილები ამოძრავებთ კონგრესმენებს, თუ არა ახალ ადმინისტრაციასთან დაპირისპირება და თუ არა ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირების შემოტანა, დანარჩენად თვითონ უნდა გააკეთონ განცხადება. კიდევ ერთი, ვნახეთ არაერთხელ, რომ ბატონი ჯო უილსონს პირდაპირ უხდიან, რომ ეს საქმე გააკეთოს, ამიტომ ჩვენ რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს, რომ ის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს გაითვალისწინებს. რასაც გადაუხდიან, იმას აკეთებენ, ოღონდ, ეს ჩვენი აზრით, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, ახალი ადმინისტრაციის სურვილებთან და ინტერესებთან ამ რეგიონში. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს აქტი, საბოლოო ჯამში, ბოლომდე გავა". - ამბობს მახაშვილი. 

ივანიშვილის კიდევ ერთმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, დღეს ასევე განაცხადა, რომ "იმედს გამოთქვამს, MEGOBARI აქტი, საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა.

ცნობისთვის, MEGOBARI აქტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს განიხილავენ. 27 მარტს, სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა MEGOBARI აქტი, რომელსაც ძალაში შესასვლელად ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უნდა უყაროს. ორპარტიული აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.

კომენტარები