MEGOBARI აქტი

The Hill: ფრონტერას დამფუძნებელი MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებს

   
   

The Hill-ის ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის დონორმა და ნავთობინდუსტრიის ტეხასელმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკანდროსმა, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული, 19 იანვარს წარმომადგენელთა პალატის, სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ წევრს წერილი გაუგზავნა, რომელშიც კონგრესმენს MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

"ნიკანდროსმა წერილში აღნიშნა, რომ მისი კომპანია საქართველოში ახალ, 100 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროგრამას ამზადებს, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, MEGOBARI აქტი და თბილისის წინააღმდეგ სანქციებზე ორიენტირებული სხვა ნაბიჯები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს". - წერს გამოცემა.

სექტემბერში MEGOBARI აქტის წინსვლა კონგრესში რესპუბლიკელმა სენატორმა, მარკუეინ მალინმა დაბლოკა. The Hill-ის ინფორმაციით, ნიკანდროსს სენატორი მალინისა და სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის საარჩევნო კამპანიებისთვის თანხა აქვს გაღებული. მალინმა The Hill-ს სექტემბერში განუცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა MEGOBARI-ის აქტის მიმართ ნიკანდროსთან კავშირში არ არის. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს მალინი ნიკანდროსის ერთ-ერთ კომპანიას, Frontera Resources-ს, საქართველოს მთავრობასთან არსებულ დავაში ლობირებდა.

2020 წელს Frontera-სა და საქართველოს შორის დავის დროს კომპანია ირწმუნებოდა, რომ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული. გავრცელებული ცნობებით, კომპანიამ ლობირებაზე დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დახარჯა და იმავე წლის ივლისში საქართველომ Frontera-ს ქვეყანაში მუშაობის განახლების ნება დართო. The Hill-ის მიერ მოპოვებული წერილის მიხედვით, ნიკანდროსი ამბობს, რომ ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მისი კომპანია დიდ ინვესტიციებს დებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში.

MEGOBARI აქტის დასაცავად, ჯო უილსონმა The Hill-ს მიწერა და ხაზი გაუსვა აქტის მნიშვნელობას ტრამპის მცდელობებში სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, როგორიცაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული "საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი".

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული მშვიდობა, "საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის" წარმატება და შუა დერეფნიდან ჩინეთის, ირანისა და რუსეთის ჩამოშორება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქართული ოცნების ხელისუფლება თავის ანტიამერიკულ ქცევას შეცვლის". - წერს უილსონი. 

კომენტარები