Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აშშ-ს სენატორი მაკუეინ მალინი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) "MEGOBARI აქტის" ჩართვას აქტიურად ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს.
"წყაროები მეუბნებიან, რომ სენატორი მალინი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში "MEGOBARI აქტის" ჩართვას აქტიურად ეწინააღმდეგება. ეს არის ფარულად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმის დაცვასა და ქართველი ხალხის მიტოვებას ისახავს მიზნად" - დაწერა რაუფოღლუმ .
მისი თქმით, "MEGOBARI აქტი" დემოკრატიული უკუსვლისა და რუსული ტიპის კანონების მიღების გამო ქართული ოცნების რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უმნიშვნელოვანესი ბერკეტია.
"ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხში ორაზროვნება არ უნდა არსებობდეს!" - დაწერა მან.
ცნობისთვის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) ყოველწლიური კანონპროექტია, რომელიც აშშ-ს ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამხედრო ხარჯების ოდენობას უდგენს.





