MEGOBARI აქტი

მიქანაძე: MEGOBARI აქტი აცდენილია რეალობას – იმედია, კანონად არ გადაიქცევა

გივი მიქანაძე

ივანიშვილის დეპუტატი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ იმედი აქვს, MEGOBARI აქტი, საბოლოო ჯამში, "კანონად არ გადაიქცევა".

მიქანაძის მტკიცებით, ეს არა "მეგობარი", არამედ "სრულიად არამეგობრული აქტია", აცდენილია რეალობას და არ შეესაბამება ახლა არსებულ კონტექსტს. 

მისივე მტკიცებით, აქტი "მიკერძოებული ხასიათისაა".

"ამ აქტის დასახელება აბსოლუტურად არ შესაბამება იმ კონტექსტს, რომელიც ამ მოცემულობაში არის წარმოდგენილი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტი, რომელიც არანაირად არ ასახავს რეალობას, აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. ეს არის მიკერძოებული ხასიათის.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში, ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ იქნება მიღებული მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულ თავისუფალ ნებას. მათ მხარი დაუჭირეს ქართულ ოცნებას როგორც მმართველ გუნდს და კიდევ ერთხელ, უკვე მიანდეს ამ ქვეყნის შემდგომი 4 წლის მართვა. ვიმედოვნებთ, ეს აქტი მიღებული იქნება იმ შემთხვევაში თუკი, ის მნიშვნელოვანი პოსტულატები იქნება დაცული.

ამ მხრივ, აშშ-ს უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რაც მეგობრობისთვის არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შერბილება, პირდაპირი ფრენების დაწყება, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და დაუბრუნდეს იმ დინამიურ განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვანია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა და კონკრეტული კანონმდებლები მისცემენ სამართლიან შეფასებას ყველაფერს, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება, რომ მასში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ მან მართლაც გაამართლოს თავისი დასახელება და მართლაც MEGOBARI აქტი გახდეს". - Interpressnews-ის ცნობით, თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, MEGOBARI აქტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს განიხილავენ. 27 მარტს, სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა MEGOBARI აქტი, რომელსაც ძალაში შესასვლელად ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უნდა უყაროს. ორპარტიული აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.

კომენტარები