ოკუპირებული აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაეშვა. ბორტზე თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა იმყოფებოდა, რომელიც მოსკოვიდან ჩამოფრინდა.
აეროპორტი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ზაფხულში აღადგენს, 7 თებერვლის ფრენა სატესტო იყო.
გუნბა 6 თებერვალს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და ტრანსპორტის მინისტრს, რომან სტაროვოიტს შეხვდა.
ლავროვის თქმით, სოხუმის აეროპორტის გახსნა ოკუპირებულ აფხაზეთს ტურიზმის განვითარებაში დაეხმარება.
სტაროვოიტის მტკიცებით, "რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენების შესრულებით უკვე დაინტერესდა რამდენიმე რუსული ავიაკომპანია".
15 თებერვალს დეფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ასლან ბჟანიას ადგილის დაკავებას მისი თანაგუნდელი, ამჟამად ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა ეცდება.
გუნბას მოსკოვში ბოლოდროინდელი ვიზიტები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი მომავალ "არჩევნებში" ფსონს გუნბაზე აკეთებს, როგორც ჩანს თვითგამოცხადებული პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საინვესტიციო კანონის მიღებას ეცდება, რომლის მიღება 2024 წლის მიწურულს მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ჩაიშალა. აქციებს ასლან ბჟანიას გადადგომა და ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.
სიმბოლურ რეისს კრიტიკული და ცინიკური პოსტით გამოეხმაურა ადგილობრივი ოპოზიციური მედია АИАШАРА:
"მოსახდენი მოხდა! 32-წლიანი დავიწყების შემდეგ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც 100%-ით კერძო რუს ინვესტორს ეკუთვნის, მოსკოვიდან რეისი დაეშვა. მოდით არ მივაქციოთ ყურადღება იმ მცირე დეტალს, რომ კერძო ინვესტიციებამდე დიდი ხნით ადრე, აეროპორტისთვის აუცილებელი ყველა კომუნიკაცია აფხაზეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. აეროპორტი აქამდეც უპრობლემოდ იღებდა ოფიციალურ პირებს რუსეთიდან.
სატესტო რეჟიმით ჩვენს დედაქალაქში, ყველასთვის მოულოდნელად ჩამოფრინდა არჩევნებამდე არჩეული პრეზიდენტი ბადრა გუნბა.
პირველი ფრენის საპატივცემულოდ დაგეგმილია საარტილერიო იარაღიდან საზეიმო ზალპი. გაისვრიან 32-ჯერ, რამდენი წელიც არ ფუნქციონირებდა აეროპორტი".
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს სოხუმის აეროპორტს, როგორც საერთაშორისოს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორგანიზაციამ აეროპორტის კოდი გააუქმა, ხოლო 2006 წელს ამოიღო ყველა ოფიციალური საბუთიდან.
2023 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა შეთანხმება დადო რუსულ კომპანია ინფრასტრუქტურნოე რაზვიწიესთან. ბჟანიას დაპირებით, აეროპორტი 2024 წლის 31 დეკემბერს უნდა გახსნილიყო.
ინფრასტრუქტურნოე რაზვიწიე რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს, რაშიდ რაშიდის ძე ნურგალიევს ეკუთვნის.