იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი დღეს, 17 აპრილს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
მელონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ტრამპთან გამართავს პირისპირ შეხვედრას მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა გლობალური "საპასუხო" ტარიფები გამოაცხადა, მათ შორის, 20%-იანი ტარიფები ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.
ლიდერებს შორის განხილვის თემაც დიდი ალბათობით სწორედ აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო პოლიტიკა იქნება.
"ჩვენ ვიცით, რომ რთულ პერიოდში ვართ. მე კარგად მესმის, რას წარმოვადგენ და რას ვიცავ" – ამბობს მელონი.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.
"საბაზისო" 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილიდან ძალაში შევა აშშ-ს 50-მდე უმსხვილეს პარტნიორზე დაწესებული უფრო მკაცრი ტარიფები.





