ტრამპის ტარიფები

აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ორმხრივი ტარიფების დიაგრამის წარდგენისას
Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური 10%-იანი ტარიფები დაბლოკა.

ნიუ-იორკის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ მიიჩნია მას შემდეგ, რაც მცირე ბიზნესებმა სარჩელი შეიტანეს.

გადაწყვეტილების სასარგებლოდ ორმა მოსამართლემ მისცა ხმა, ერთმა კი წინააღმდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა გადააჭარბა კანონით პრეზიდენტს კონგრესის მიერ მინიჭებულ სატარიფო უფლებამოსილებას. 

თუ ადმინისტრაცია, როგორც მოსალოდნელია, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ის აშშ-ს ფედერალური სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდეგ, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

20 თებერვალს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მეშვეობით მსოფლიო ქვეყნების წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები უკანონოა, რის შედეგადაც ტრამპის ტარიფების უმრავლესობა გაუქმებულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, 6-3-ზე გადანაწილებით, ქვეყნის პრეზიდენტებს ახალი ზღვარი დაუდგინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკის გატარება შეუძლიათ მათ კონგრესის თანხმობის გარეშე. უმრავლესობის შორის იყო ტრამპის მიერ წარდგენილი ორი მოსამართლეც - ნილ გორსაჩი და ემი კონი ბარეტი.

საქმის ფარგლებში უზენაესმა სასამართლომ ორი კატეგორიის ტარიფები განიხილა. პირველ კატეგორიაში შედიოდა ტარიფები, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თითქმის ყველა ქვეყანას დაუწესა, მისი ადმინისტრაციის მიხედვით, სავაჭრო დეფიციტის დაბალანსების მიზნით. მეორე კატეგორიის ტარიფები კი მან მექსიკას, კანადასა და ჩინეთს დაუწესა, რის მიზეზადაც თეთრმა სახლმა აშშ-ში არალეგალური ფენტანილის შედინებაზე აღნიშნული ქვეყნების პასუხისმგებლობა დაასახელა. 

დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ტრამპის მიერ საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების აქტის (IEEPA) ფარგლებში თითქმის ყველა ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები. ცნობისთვის, აღნიშნული კანონი პრეზიდენტებს იმპორტის "რეგულირების" უფლებას ანიჭებს ისეთი საგანგებო მდგომარეობების დროს, რომლებიც ქვეყანას "უჩვეულო და განსაკუთრებულ" საფრთხეს უქმნიან.

 
 

კომენტარები