20 თებერვალს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მეშვეობით მსოფლიო ქვეყნების წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები უკანონოა, რის შედეგადაც ტრამპის ტარიფების უმრავლესობა გაუქმებულია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, 6-3-ზე გადანაწილებით, ქვეყნის პრეზიდენტებს ახალი ზღვარი დაუდგინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკის გატარება შეუძლიათ მათ კონგრესის თანხმობის გარეშე. უმრავლესობის შორის იყო ტრამპის მიერ წარდგენილი ორი მოსამართლეც - ნილ გორსაჩი და ემი კონი ბარეტი.
საქმის ფარგლებში უზენაესმა სასამართლომ ორი კატეგორიის ტარიფები განიხილა. პირველ კატეგორიაში შედიოდა ტარიფები, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თითქმის ყველა ქვეყანას დაუწესა, მისი ადმინისტრაციის მიხედვით, სავაჭრო დეფიციტის დაბალანსების მიზნით. მეორე კატეგორიის ტარიფები კი მან მექსიკას, კანადასა და ჩინეთს დაუწესა, რის მიზეზადაც თეთრმა სახლმა აშშ-ში არალეგალური ფენტანილის შედინებაზე აღნიშნული ქვეყნების პასუხისმგებლობა დაასახელა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ტრამპის მიერ საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების აქტის (IEEPA) ფარგლებში თითქმის ყველა ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები. ცნობისთვის, აღნიშნული კანონი პრეზიდენტებს იმპორტის "რეგულირების" უფლებას ანიჭებს ისეთი საგანგებო მდგომარეობების დროს, რომლებიც ქვეყანას "უჩვეულო და განსაკუთრებულ" საფრთხეს უქმნიან.
გამოცემა Wall Street Journal-ის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების პასუხად თეთრი სახლი, სავარაუდოდ, ტარიფების ხელახლა აღმართვას სხვა სამართლებრივი გზებით შეეცდება, თუმცა, სხვა კანონებს თან ახლავს პროცედურული შეზღუდვები და შედეგად, ახალი ტარიფები შესაძლოა, აღარ იყოს ისეთი მასშტაბური, როგორიც გაუქმებამდე იყო.
ამას გარდა, როგორც ამერიკული გამოცემა Axios წერს, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ტარიფების ანაზღაურების ქაოსური პროცესი დაიწყოს, რის ფარგლებშიც იმ ბიზნესებს, რომლებსაც "უკანონო ტარიფების" გადახდა მოუწიათ, პოტენციურად მილიარდობით დოლარი დაუბრუნდებათ.
თუმცა, უზენაესმა სასამართლომ ეს საკითხი არ განიხილა: "სასამართლო დღეს არაფერს ამბობს იმის შესახებ, უნდა დაუბრუნოს თუ არა, და თუ კი, როგორ, მთავრობამ მილიარდობით დოლარი, რომლებიც მან იმპორტიორებისგან შეაგროვა." - წერს მოსამართლე ბრეტ კავანო, რომელმაც მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
კავანოს თქმით, კიდევ ერთი საკითხია ის, თუ რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას უკვე არსებულ სავაჭრო შეთანხმებებზე. მან აღნიშნა, რომ IEEPA-ს ფარგლებში შემოღებულმა ტარიფებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯამში ტრილიონობით დოლარის ოდენობის სავაჭრო შეთანხმებების დადებაში, მათ შორის, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და იაპონიასთან.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
