ტრამპის ტარიფები

აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთი ჰოლივუდის ფილმების იმპორტს შეამცირებს

Wang Zhao / AFP / Getty

აშშ-სთან სავაჭრო ომის დაწყების ფონზე, ჩინეთი ჰოლივუდის ფილმების იმპორტს შეამცირებს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის კინოს ადმინისტრაციამ გააკეთა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

ადმინისტრაციის განცხადებით, ჩინეთი, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა, ამერიკული ფილმების შესყიდვას "ზომიერად შეამცირებს". პეკინის გეგმის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში თავდაპირველად ქვეყნის ორმა გავლენიანმა ბლოგერმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. 

"აშშ-ს მთავრობის უმართებულო ქმედება, ბოროტად გამოიყენოს ტარიფები ჩინეთის წინააღმდეგ, გარდაუვალად შეამცირებს ადგილობრივი მაყურებლის მოთხოვნას ამერიკულ ფილმებზე". - წერია ჩინეთის კინოს ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ჩინეთის ნაბიჯის ფონზე, ამერიკული გასართობი ინდუსტრიის კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. The Walt Disney Company-ს აქციები 5.6%-ით გაიაფდა, Paramount Global-ის - 1.1%-ით. ყველაზე თვალსაჩინო ვარდნა Warner Bros. Discovery Inc.-ის აქციებმა განიცადა, 11%-ით. 

როგორც Bloomberg წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის მთავრობამ ამერიკული ფილმების იმპორტი სრულად არ აკრძალა, ნაბიჯმა ვაშინგტონს სიგნალი გაუგზავნა, რომ ახლად გაჩაღებულ სავაჭრო ომში პეკინის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, ამერიკის მომსახურების სფერო გახდეს.

ამან, თავის მხრივ, შესაძლოა, ნიადაგი მოუმზადოს პეკინს ახალი საპასუხო ზომების მიღებისთვის, მათ შორის, ტურიზმის, ტრანსპორტირებისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. აღნიშნულ სფეროებში აშშ-ს ჩინეთთან სავაჭრო პროფიციტი აქვს. 

ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო მედიასთან აფილირებული სოც. მედია ანგარიში წერს, რომ ექსპერტები ჩინეთის მიერ აშშ-ს მომსახურების სფეროზე დარტყმას არ გამორიცხავენ. 

Bloomberg-ის ცნობით, დაძაბულობა პეკინსა და ვაშინგტონს შორის საპასუხო ტარიფების დაწესებით არ შემოიფარგლება; 9 აპრილს ჩინელმა მაღალჩინოსნებმა მოქალაქეებს აშშ-ში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს, ხოლო სტუდენტები "აშშ-ს კონკრეტულ შტატებში" სწავლასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების შესახებ გააფრთხილეს. 

ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ფილმების სიდიდით მეორე იმპორტიორია, წლების განმავლობაში ამერიკული კინოსტუდიებისთვის საკვანძო ბაზარს წარმოადგენდა. ჩინეთის ფილმის იმპორტის თანამედროვე სისტემის ქვეშ პირველი ამერიკული ფილმი ჩინურ კინოთეატრებში 1994 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ჩინელ მაყურებელში ჰოლივუდის ფილმების პოპულარობამ მკვეთრად იმატა, თუმცა ბოლო წლებში ჩინელმა მარეგულირებლებმა თეატრებზე წვდომა შედარებით შეზღუდეს, რაც იმით აიხსნება, რომ ამერიკული ფილმები, სავარაუდოდ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ღირებულებებთან თანხვედრაში არ მოდის. 

ბილეთების ჩინური სერვისის, Maoyan Entertainment-ის მონაცემებით, ჩინეთის მიერ დამტკიცებული  ამერიკული ფილმების რაოდენობამ (60-ზე მეტი) პიკს 2018 წელს მიაღწია, თუმცა 2021 წლიდან ამ რიცხვმა კლება დაიწყო. 

კომენტარები