ტრამპის ტარიფები

მასკმა ვაჭრობის საკითხებში ტრამპის მრჩეველი გააკრიტიკა და თავისუფალ ვაჭრობას მიემხრო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი
Chris Unger

ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, ილონ მასკმა ტრამპის ადმინისტრაციის მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში, პიტერ ნავარო, X-ზე მწვავედ გააკრიტიკა და მოგვიანებით იტალიურ პოლიტიკურ ყრილობაზე განაცხადა, რომ მას უფრო მეტი თავისუფალი ვაჭრობა სურს, და არა - ნაკლები.

პარასკევს დილით მასკი X-ზე ტარიფების საკითხზე დებატებში ჩაერთო და ერთ-ერთ მომხმარებელს გამოეხმაურა, რომელმაც ადმინისტრაციის საკამათო ფიგურა, პიტერ ნავარო, ტარიფების საკითხში გამოცდილ სპეციალისტად დაახასიათა. მომხმარებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნავაროს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი აქვს.

აღნიშნულ მოსაზრებას მასკი არ დაეთანხმა და დაწერა, რომ "ჰარვარდიდან ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ცუდი რამაა, და არა - კარგი" და მიანიშნა, რომ ეს უფრო მეტი ეგოს პრობლემას იწვევს, ვიდრე - მეტი ტვინის.

ვაჭრობაზე ნავაროს პოზიცია კიდევ ერთმა მომხმარებელმა დაიცვა, რაზეც მასკმა დაამატა, რომ ტრამპის მრჩეველს "არაფერი აუშენებია".

თავდაპირველ პოსტს, რომელსაც მასკი გამოეხმაურა, თან ახლდა ვიდეო, რომელშიც ნავარო CNN-თან ინტერვიუში ტრამპის მიერ შემოღებული საყოველთაო "საპასუხო ტარიფების" ახსნას ცდილობდა.

მოგვიანებით, შაბათ დღესვე, მასკი იტალიური პოლიტიკური პარტიის ღონისძიებაზე ვიდეო მიმართვისას სავაჭრო ბარიერების დაწევისკენ მოწოდებით გამოვიდა.

"ევროპა და აშშ, ორივე, ჩემი აზრით, იდეალურ შემთხვევაში, ნულოვანი ტარიფის ვითარებისკენ უნდა წავიდნენ, [რითაც] ფაქტობრივად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება". - თქვა მასკმა ღონისძიებაზე Bloomberg-ის ინფორმაციით.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

კომენტარები