ტრამპის ტარიფები

ჩინური მედია: ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა ტრამპის ტარიფებს ერთობლივად უპასუხებენ

Photo: AFP

ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად უპასუხონ აშშ-ს ტარიფებს. ინფორმაციას Reuters ჩინეთის სახელმწიფო მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს

აღნიშნულ ცნობას სეულმა "რაღაც მხრივ გაზვიადებული" უწოდა, ხოლო ტოკიომ განაცხადა, რომ ამგვარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. 

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც 5 წლის განმავლობაში პირველად, 30 მარტს სამმა ქვეყანამ რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ეკონომიკური დიალოგი გამართა, ვინაიდან ქვეყნები აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფების გამკლავებისთვის ემზადებიან. 

Reuters-ის ცნობით, იაპონია და სამხრეთ კორეა ჩინეთიდან ნახევრადგამტარი ნედლეულის იმპორტს განიხილავენ. ჩინეთი, მეორე მხრივ, დაინტერესებულია იაპონიისგან და სამხრეთ კორეისგან ჩიპების დასამზადებლად საჭირო პროდუქციის შესყიდვაში. 

როგორც გამოცემა წერს, სამივე მხარე თანხმდება, რომ სავაჭრო სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ და მეტ მოლაპარაკებებს გამართავენ ექსპორტის კონტროლის შესახებ. 

როდესაც ჩინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ჰკითხეს, სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ "ცნობა, რომ აშშ-ს ტარიფების წინააღმდეგ ერთობლივი პასუხი იყო, როგორც ჩანს, რაღაც მხრივ გაზვიადებულია". 

იაპონიის ვაჭრობის მინისტრმა იოჯი მუტომ ამავე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სამი ქვეყნის მინისტრებს შორის 30 მარტს შეხვედრა იყო, თუმცა მსგავსი დისკუსია, კოორდინირებული მოქმედების შესახებ, არ ყოფილა. 

30 მარტის შეხვედრაზე, ერთობლივი განცხადების თანახმად, ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებენ მოლაპარაკებებს სამ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ "რეგიონულ და გლობალურ ვაჭრობას". 

მინისტრები აშშ-ს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული "გათავისუფლების დღის", 2 აპრილის წინ შეხვდნენ. 2 აპრილს ტრამპი ყველა ქვეყნისთვის თანაბარი საპასუხო ტარიფების დაწესებას გეგმავს, მათ შორის, ისეთი დიდი ხნის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორებისთვის, როგორებიც ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა არიან. 

კომენტარები