წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ოცნების საგამოძიებო კომისია მორიგი სპეკულაცია და ფარსია – გახარია საქართველოსთვის

პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია "მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსია" და პირველ რიგში უნდა იძიებდნენ იმ მოქმედ თანამდებობის პირებს, "რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან/და აფინანსებდნენ"

"ოცნების მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც, თითქოს, ნაციონალური მოძრაობის მიერ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, არის არა მართლმსაჯულების აღსრულებისა და დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენის რეალური გზა, არამედ მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი.

ოცნების პოლიტიკური ნება სამართლიანი გამოძიება რომ იყოს, კომისიამ, პირველ რიგში, უნდა დაიბაროს და გამოკითხოს ოცნების ის წევრები და მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან/და აფინანსებდნენ.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ოცნების ცრუ პროპაგანდის საპირწონედ". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.

დღეს, 25 მარტს კომისიაზე მისვლაზე უარის თქმის გამო, კომისიამ კენჭისყრის საშუალებით გადაწყვიტა, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას გადასცეს.

2025 წლის 9 იანვარს  მამუკა მდინარაძის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა. 

კომისია 6 თვე იმუშავებს და მისი დასკვნა, მოგვიანებით, "დამნაშავეების დასჯის მიზნით", პროკურატურას გადაეცემა.

რეჟიმი აპირებს გამოკითხოს ყველა, ვინც 2003-13 წლებში თანამდებობაზე იყო.

კომენტარები