ევროკავშირი

15 ივნისს EU-ში უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება

Reuters via RFE/RL

15 ივნისს EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ფონ დერ ლაიენი და კოშტა აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მოლდოვისა და უკრაინის მხრიდან გამოწვევების მიუხედავად რეფორმების გატარებით გამოვლენილი "მონდომების, სიმამაცისა და მძიმე შრომის" აღიარება.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფართოება ევროკავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და "წარმატების ერთ-ერთ უდიდეს ისტორიად რჩება".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პირველი კლასტერი ევროკავშირის ძირეულ ღირებულებებთან თანხვედრას ეხება, რაც, მათ შორის, კანონის უზენაესობასა და ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს მოიცავს. 

წარმოგიდგენთ სრულ განცხადებას:

დღეს ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 

ყველა წევრი სახელმწიფო მიემხრო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. 

ორშაბათს სახელმწიფოთაშორის კონფერენციაზე ფუნდამენტურ საკითხებზე კლასტერს გავხსნით, რაც გაწევრიანების პროცესის ქვაკუთხედია. 

ის მოიცავს ძირეულ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც EU არის დაფუძნებული, დაწყებული კანონის უზენაესობით, დამთავრებული ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით. 

ეს არის იმ მონდომების, სიმამაცისა და მძიმე შრომის აღიარება, რომელიც ორივე ქვეყანამ უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად რეფორმების გატარებით გამოავლინა. 

და [ეს ასევე] არის გზავნილი, რომ ევროკავშირის მხრიდან მშვიდობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობის შეთავაზება შეუდარებელია.

გაფართოება სტრატეგიული არჩევანია. 

ჩვენი ქვეყნების დაახლოებით ჩვენს კონტინენტზე მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ვაძლიერებთ. 

მსოფლიოში, სადაც მზარდი გაურკვევლობაა, უფრო დიდი ევროკავშირი ჩვენს საერთო ინტერესში შედის. 

გაფართოება რჩება ევროკავშირის წარმატების ერთ-ერთ უდიდეს ისტორიად და საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საზიარო მომავალში.

შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს უკრაინის პრემიერმინისტრმა, იულია სვირიდენკომ ბუდაპეშტთან ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების უფლებების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. 

მანამდე უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინაში ეთნიკურად უნგრელების უფლებების შესახებ ბუდაპეშტმა კიევთან შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესში მომდევნო ეტაპი ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. 

მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მთავრობისგან 11 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 7 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

მანამდე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები