კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მეგობრულ გარემოში წარიმართა" - შიო III თურქეთის ელჩს შეხვდა

  საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

11 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. 

"შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამავე სამსახურის წარმომადგენლები და თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხთა მრჩეველი, ბატონი მაჰმუთ გიოლი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მეგობრულ გარემოში წარიმართა.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას მიღებისთვის და კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას. კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერებით აღნიშნა თურქეთის მიერ ქართველი ემიგრანტების მიმართ გამოხატული კეთილგანწყობა და მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრადიციული და ოჯახური ღირებულებების დაცვის მნიშვნელობას, ახალგაზრდების ზნეობრივ აღზრდას და იმ გამოწვევებსა თუ სირთულეებს, რომლებიც დღეს ოჯახის ინსტიტუტის წინაშე დგას. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული რელიგიური და კულტურული განსხვავებისა, ოჯახის სიმტკიცე, ადამიანთა შორის ურთიერთპატივისცემა და მშვიდობა ის საერთო ჰუმანური და ზნეობრივი ღირებულებებია, რომლებიც ჯანსაღი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს." - წერია საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები