უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ევროკავშირს და "პირადად ყველა ლიდერს" EU-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის და აღნიშნავს, რომ ეს უკრაინის სახელმწიფოსთვის და უკრაინელი ხალხისთვის "მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა".
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, "ყველაფერი ასევე გაკეთებულია იმისთვის, რომ შემდეგი კლასტერებიც გაიხსნას".
უკრაინის პრეზიდენტმა პირველი კლასტერის გახსნა ასევე მიულოცა მოლდოვას.
ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
"მადლობას ვუხდი ყველას ჩვენს ხალხში, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის მუშაობს და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში გვეხმარება. ასევე მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს ევროკავშირში და პირადად ყველა ლიდერს ევროპისთვის ამ ძლიერი ნაბიჯის გადადგმისთვის. უკრაინა იცავს საკუთარ თავს და ამით - მთლიან ევროპასაც, იდეას, რომ ევროპულ ქვეყნებს ერთად, თავისუფლად და მშვიდობიანად ცხოვრება შეუძლიათ.
როგორც ვთქვით, უკრაინა აკეთებს იმას, რაც საჭიროა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასევე ასრულებს თავის პირობას. პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ხალხისთვის.
ასევე მადლობას ვუხდით ევროპას მისი მხრიდან ყველა სხვაგვარი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჭეშმარიტ ლიდერობას ავლენს და სიცოცხლეების დაცვაში გვეხმარება. ასევე, ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ შემდეგი კლასტერებიც გაიხსნას. ასევე ვულოცავთ მოლდოვას ამ ნაბიჯს, რომელსაც ერთად ვდგამთ". - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, 15 ივნისს EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს უკრაინის პრემიერმინისტრმა, იულია სვირიდენკომ ბუდაპეშტთან ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების უფლებების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას.
მანამდე უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინაში ეთნიკურად უნგრელების უფლებების შესახებ ბუდაპეშტმა კიევთან შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესში მომდევნო ეტაპი ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მთავრობისგან 11 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 7 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
მანამდე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.




