წინა ხელისუფლების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარის თქმის გამო, კომისიამ კენჭისყრის საშუალებით გადაწყვიტა, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურას დღესვე გადასცეს.
ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
"მამუკა ხაზარაძე ამ კომისიას უწოდებს ცირკს და მოსვლას არ აპირებს. მან არ დაგვიტოვა კითხვის ნიშანი იმაზე აპირებს თუ არა მოსვლას და გამოცხადდება მანამ სანამ კომისია დაამთავრებს მუშაობს. ამიტომ, კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს - ბატონი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, აქ ნამდვილად არ გვცალია იმისთვის, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებული. სსკ-ს 349-ე მუხლში წერია, რომ კომისიაზე არგამოცხადება ისჯება სისხლის სამართლის წესით, იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა". - თქვა წულუკიანმა.
მანამდე, ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც "არასერიოზული და კომიკურია" მისვლას არ აპირებს.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.
განხილვა ეხება შპს მაგნატის საქმეს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
დროებითი საგამოძიებო კომისია რიგით მე-4 სხდომას მართავს.





