რეჟიმის პატიმრები

აქციების დროს დაკავებული თემურ ზასოხაშვილი და დავით ლომიძე პატიმრობაში დატოვეს

თემურ ზასოხაშვილი სასამართლო პროცესზე
მინდია გაბაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. რეჟიმი მათ პოლიციელებზე თავდასხმას და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. 

ბრალდების მხარე, დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, პროკურორის თქმით, ამ ეტაპზეც არსებობს მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. 

დაცვის მხარე ბრალდებულების 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 

პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე - პოლიციელი გამოიკითხა.

"კითხვების თითქმის 90%-ზე პასუხს ვერ ვიღებდით, რომ ვეკითხებოდით მე და ჩემი კოლეგა, ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფთან ან საერთო ვითარებასთან დაკავშირებით, მოწმე ყოველთვის გვპასუხობდა ირიბად, გაურბოდა შეკითხვებს, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული, ყველა მოწმე ვალდებულია ჩვენება სასამართლოს წინაშე სწორად მისცეს, მაგრამ სასამართლო ამ ყველაფერს "უტარებდა". - განაცხადა ადვოკატმა.

დღევანდელ სხდომას დავით ლომიძე დისტანციურადაც არ დასწრებია.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავით ლომიძე სასამართლო სხდომებს ფიზიკურად 21 იანვრიდან ვერ ესწრება, მაშინ ადვოკატმა სხდომაზე თქვა, რომ დავით ლომიძემ მას შეატყობინა, რომ ვერ დგებოდა, სტკიოდა ხერხემალი, ამის მიზეზად კი დაკავებისას პოლიციელების მიერ მის ცემას ასახელებდა. 

ლომიძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი.

მამის მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბრობდა მისი შვილიც, ბაჭია ლომიძეც. 

დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ. 

დავით ლომიძეს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები