საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პასუხი გასცა კრემლის კრიტიკას, რომელმაც მას მოუწოდა, რომ არ დაემუქროს ბირთვული რიტორიკით და პარალელები გაავლო ნაპოლეონის მიერ რუსეთის დაპყრობის წარუმატებელ მცდელობასთან.
"მე კარგად ვიცნობ პრეზიდენტ პუტინს, ასე რომ, თუ ის ასე რეაგირებს, ესე იგი მან იცის, რომ მე სიმართლე ვთქვი. ვიცი, რომ მას შეუძლია უღალატოს შეთანხმებებს, რომლებსაც ხელს აწერს, რადგან მას ეს უკვე გაუკეთებია. ის ისტორიულ შეცდომას უშვებს: ნაპოლეონი დაპყრობით ომებს აწარმოებდა. დღეს კი ერთადერთი იმპერიალისტური ძალა, რომელსაც ახლა ევროპაში ვხედავ, რუსეთია". - თქვა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მზად არის, ესაუბროს პუტინს მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი და ევროპელი პარტნიორები ჩათვლიან, რომ ამისთვის სწორი დრო იქნება.
გარდა ამისა, მაკრონის თქმით, საფრანგეთის ბირთვული შეკავების სხვა ქვეყნებზე გავრცელების შეთავაზებასთან დაკავშირებით მას ევროკავშირის სამიტის დროს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერი ესაუბრა.
მაკრონი იმედოვნებს, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის ახალი თანამშრომლობები 2025 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე ჩამოყალიბდება.
5 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები ევროპელი მოკავშირეების დასაცავად იყოს გამოყენებული.
მომდევნო დღეს კი Politico-მ გაავრცელა ცნობა, რომ პოლონეთისა და დანიის ლიდერებმა მიანიშნეს მზადყოფნისკენ – განიხილონ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება ევროპის დაცვისთვის საფრანგეთის ბირთვული იარაღის, როგორც შემაკავებელ ზომად გამოყენების შესახებ.





