ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

პისტორიუსის თქმით, გერმანია ევროპის თავდაცვაში "მეტ პასუხისმგებლობას" აიღებს

REUTERS/Ints Kalnins

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ NATO-ში მისი ქვეყანა "უფრო მეტ პასუხისმგებლობას" იღებს და არმიის მზადყოფნას აუმჯობესებს.

პისტორიუსის თქმით, გერმანია "სწრაფად" იმუშავებს ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდისა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების მიზნით.

"ჩვენი მიზანი მკაფიოა: ჩვენ გავაგრძელებთ ბუნდესვერის ოპერაციული მზადყოფნის გაძლიერებას და ამას სწრაფი ტემპით ვიზამთ," განაცხადა მან. 

გერმანიის ახალი სამხედრო სტრატეგიის 35-გვერდიან დოკუმენტში რუსეთი გერმანიასა და ევროატლანტიკურ რეგიონში "თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის უდიდეს მყისიერ საფრთხედ" არის დახასიათებული. დოკუმენტში გერმანია აფრთხილებს, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებზე თავდასხმისთვის ემზადება. 

პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის ახალი სამხედრო სტრატეგია დიდწილად გასაიდუმლოებულია. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ NATO-სთვის აშშ-ს "არსებითი" მნიშვნელობა აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. 

სტრატეგიის მიხედვით, გერმანიის შეიარაღებულ ძალებს უფრო და უფრო უნდა ჰქონდეს NATO-ში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ამას გარდა, დოკუმენტში ხაზგასმულია ევროპაში სადაზვერვო შესაძლებლობებისა და შორი რადიუსის ზუსტი მოქმედების შეიარაღების გაუმჯობესების აუცილებლობა, რისი მეშვეობითაც გერმანია, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მიტანას შეძლებს. 

დოკუმენტში ასევე საუბარია ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვის მნიშვნელობაზეც. ახალ სტრატეგიაში ყურადღება გამახვილებულია გერმანიის შეიარაღებული ძალების ზომის მნიშვნელოვნად გაზრდის საჭიროებაზეც, რაც ბუნდესვერში პროფესიული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 185 000-დან დაახლოებით 260 000-მდე გაზრდას გულისხმობს. 

ამასთან, გერმანელ მაღალჩინოსნებს სურთ, რომ გაორმაგდეს აქტიური რეზერვისტების რაოდენობაც და მათმა რიცხვმა 200 000-ს მიაღწიოს. 

ცნობისთვის, გერმანიამ სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა 2022 წლის შემდეგ დაიწყო. დეკემბერში კი გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამხედრო სამსახურის ახალ კანონს, რომლის მიზანიც რუსეთთან დაძაბულობის ფონზე გერმანიის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა და NATO-ს სტანდარტების დაკმაყოფილებაა.

კომენტარები