Sky News-ის ინფორმაციით, აშშ-ს ომის მინისტრის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიოში მზარდი მილიტარიზაციის ფონზე ევროპამ თავდაცვის მხრივ მთავარი როლის თამაში უნდა დაიწყოს, თუმცა, ასევე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს აშშ-ს მხრიდან NATO-ს მიტოვებას.
კოლბიმ აღნიშნა, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში პოტენციური მტრების მხრიდან ერთდროული იერიშისთვის. მისი თქმით, სწორედ ამიტომ უნდა აიღონ NATO-ს ევროპულმა ქვეყნებმა "ძირითადი პასუხისმგებლობა" მაშინ, როცა საქმე თავიანთი სამშობლოს დაცვას ეხება.
ომის მინისტრის მოადგილემ ასევე დაამატა, რომ საჭიროა, NATO გადაიქცეს ცივი ომის პერიოდის სტატუსის თანამედროვე ვერსიად.
"მსოფლიო, რომელმაც ცივი ომის შემდეგ, ე.წ. "ერთპოლუსიანი მომენტის დროს," ჩვევები, ვარაუდები და NATO-ს ძალის პოზიციები ჩამოაყალიბა, აღარ არსებობს." - განაცხადა კოლბიმ.
"ამავდროულად - და კრიტიკულად - აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ შესაძლებლობისთვის, რომ პოტენციური მოწინააღმდეგეები ერთად იმოქმედებენ სხვადასხვა თეატრში, იქნება ეს კოორდინირებული სახით თუ ოპორტუნისტულად." - თქვა პიტ ჰეგსეთის წარმომადგენელმა.
კოლბიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გზავნილის მიზანი პარტნიორებისთვის რეალობის შესახებ თვალის ახელაა და ეს არ გულისხმობს აშშ-ს მხრიდან NATO-ს მიტოვებას.
"ეს არ არის NATO-ს მიტოვება. პირიქით, ეს წარმოადგენს მისი ფუნდამენტური მიზნის დადასტურებასა და ამ მიზანთან დაბრუნებას." - განმარტა მან.
ომის მინისტრის მოადგილის თქმით, ალიანსი ახლა უნდა გახდეს NATO 3.0.
"ამ NATO 3.0-ს ესაჭიროება ბევრად დიდი ძალისხმევა ჩვენი მოკავშირეებისგან, რათა თავი გამოიჩინონ და აიღონ მთავარი პასუხისმგებლობა ევროპის თავდაცვაზე." - თქვა მან.





