პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ტელეარხ Polsat News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისგან მზარდი საფრთხის ფონზე პოლონეთმა საკუთარი ბირთვული იარაღის განვითარებაზე უნდა იფიქროს.
"მე ძლიერ ვემხრობი, რომ პოლონეთი ბირთვულ პროექტს შეუერთდეს." - აღნიშნა ნავროცკიმ ინტერვიუში, თუმცა, დაამატა, რომ არ შეუძლია იმის თქმა, როდის ან საერთოდ დაიწყებს თუ არა პოლონეთი საკუთარი ბირთვული იარაღის განვითარებაზე მუშაობას.
"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პირდაპირ შეიარაღებული კონფლიქტის საზღვართანაა და ვიცით, თუ როგორი აგრესიული, იმპერიული დამოკიდებულება აქვს რუსეთის ფედერაციას პოლონეთის მიმართ." - აღნიშნა ნავროცკიმ.
მანამდე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბერლინი მოლაპარაკებებს მართავს საფრანგეთთან პოტენციური ევროპული ბირთვული თავდაცვის თაობაზე.
ინტერვიუში ნავროცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთმა საკუთარი ბირთვული პოტენციალის განვითარება ყველა საერთაშორისო რეგულაციის დაცვით უნდა სცადოს.
ხოლო კითხვაზე, დაუშვებს თუ არა აშშ პოლონეთის მხრიდან ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმას, ვინაიდან ვარშავა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერია, ნავროცკიმ უპასუხა: " არ ვიცი, მაგრამ გვესაჭიროება ამ მიმართულებით მოქმედება, რათა მუშაობის დაწყება შევძლოთ"





