სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ახალი მონაცემების მიხედვით, 2025 წელს მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ზრდა ზედიზედ მე-11 წელსაც გაგრძელდა, რის ფარგლებშიც ყველაზე მკვეთრი ზრდა ევროპის კონტინენტზე მოხდა, სადაც ჯამურად სამხედრო ბიუჯეტმა 14%-ით მოიმატა და $864 მილიარდი შეადგინა.
SIPRI-ს მიხედვით, მსოფლიოში მთავრობებმა ჯამში თავდაცვაზე – მათ შორის, სამხედრო გემების, თვითმფრინავების, რაკეტებისა და სხვა სახის იარაღების შესყიდვაზე – $2.887 ტრილიონი დახარჯეს.
თუმცა, ამ მაჩვენებლის ზრდის უმთავრესი განმაპირობებელი ევროპა იყო, სადაც სახელმწიფოებმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, უფრო სიღრმისეულად დაიწყეს უსაფრთხოების სტრატეგიაზე ფიქრი სამომავლოდ პოტენციური აგრესიის შეკავების მიზნით.
ამ ფონზე, SIPRI-ს ცნობით, კონტინენტის ზოგიერთი ნაწილში წელს თავდაცვის ხარჯების ზრდა ყველაზე სწრაფი იყო ცივი ომის დასრულების შემდგომ პერიოდთან შედარებით, ხოლო მთლიანად NATO-ს წევრი ევროპული ქვეყნების მიერ ხარჯების ზრდა 1953 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი იყო. 2025-ში ესპანეთის თავდაცვის ბიუჯეტი 50%-ით გაიზარდა, პოლონეთის – 23%-ით, იტალიის კი – 20%-ით.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა გერმანია, რომელიც 2025 წელს ევროპულ ქვეყნებს შორის სამხედრო ხარჯის მხრივ მოწინავე ქვეყანა იყო. გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი 2025-ში 24%-ით გაიზარდა და $114 მილიარდი შეადგინა, რას მსოფლიოში სიდიდით მე-4 ადგილზეა. შედეგად, გერმანიის თავდაცვის ხარჯი 1990 წლის შემდეგ პირველად NATO-ს სტანდარტს გასცდა, რაც მშპ-ს 2%-ია, და მშპ-ს 2.3%-ს მიაღწია.
ცნობისთვის, გერმანიამ სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა 2022 წლის შემდეგ დაიწყო. დეკემბერში კი გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამხედრო სამსახურის ახალ კანონს, რომლის მიზანიც რუსეთთან დაძაბულობის ფონზე გერმანიის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა და NATO-ს სტანდარტების დაკმაყოფილებაა. ამასთანავე, ბიუჯეტის გასაზრდელად გერმანიის პარლამენტმა გასულ წელს გაამარტივა ფისკალური წესებიც, რამაც მთავრობის მხრიდან თავდაცვისთვის უფრო მეტი სესხის აღება შესაძლებელი გახადა.





