შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, "ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა".
შსს-ს ინფორმაციითვე, ამის შემდეგ, ბაჩიაშვილმა სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, "მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი".
"შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა - დაკავების მიზნით.
ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ. -ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.
გიორგი ბაჩიაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა, მას სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატ ლევან მახარაშვილის თქმით, ეს პროცედურა საჭიროა, რათა შემდეგ ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა.
ამავე დღეს, ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება.
როგორც სადრაძე ამბობს, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.





