აშშ-ს ტარიფები

აშშ კანადასთან და მექსიკასთან ტარიფების შემსუბუქებაზე შეიძლება 5 მარტს შეთანხმდეს

ჰოვარდ ლუტნიკი  
Samuel Corum/Sipa/Bloomberg

აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლუტნიკის თქმით, 5 მარტს შესაძლოა კანადასთან და მექსიკასთან ახალდაწესებული ტარიფების შემსუბუქების შეთანხმებას მიაღწიონ.

"კანადელებიც და მექსიკელებიც მთელი დღე მობილურზე მელაპარაკებოდნენ, ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ უკეთ მოიქცევიან და პრეზიდენტი უსმენს, რადგან, ხომ იცი, ის ძალიან, ძალიან სამართლიანი და გონიერია. ასე რომ, ვფიქრობ, ის მათთან რაღაცას შეიმუშავებს - ეს არ იქნება [ტარიფების] დაპაუზება, არანაირი პაუზა, მაგრამ ვფიქრობ ის რამეს მოიფიქრებს: თქვენ მეტი გააკეთეთ და მე სადღაც შუაში შევხვდებით. ამას ალბათ ხვალ გამოვაცხადებთ." - თქვა ლუტნიკმა Fox Business-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ლუტნიკს არ დაუკონკრეტებია თუ რა შესაძლებლობებს განიხილავს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადასთან და მექსიკასთან სასაზღვრო ტარიფების დაწესების შემდეგ. მისი ნათქვამის მიხედვით, ტარიფების მოცულობა "სადღაც შუაში" განისაზღვრება და ტრამპი კანადელებთან და მექსიკელებთან გარკვეულ დათმობებზე წავა, მაგრამ "არა მთლიანად".

ვაჭრობის მინისტრმა ასევე ხაზგასმით თქვა, რომ ტარიფების სრული მოხსნა არ განიხილება.


აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 4 მარტს მექსიკასა და კანადაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა. ამოქმედდა ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებული დამატებით 10%-იანი ტარიფიც, რამაც ჩინურ პროდუქტებზე დაწესებული იმპორტის გადასახადი ჯამში 20%-მდე გაზარდა.

ჩინეთმა ტარიფების ამოქმედებიდან დაუყოვნებლივ მიიღო საპასუხო ზომები და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების იმპორტზე 10-15%-იანი იმპორტის გადასახადი დაამტკიცა და ამასთან, 25 ამერიკულ კომპანიას ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე საექსპორტო და საინვესტიციო შეზღუდვები დაუწესა.

საპასუხო ზომები მიიღო კანადამაც და ამერიკულ პროდუქციაზე ასევე 25%-იანი ტარიფები დააწესა. საპასუხოდ დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ აშშ-ს ტარიფების ამავე რაოდენობით გაზრდა შეუძლია.

საპასუხო 25%-იანი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება გამოაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმაც. მისი თქმით, ტარიფების დაწესების შესახებ ოფიციალურად 9 მარტს გამოაცხადებენ. 

საპასუხო ტარიფების შედეგად S&P 500-ის - აშშ-ს 500 ადგილობრივი კომპანიის აქციებისგან შემდგარი საფონდო ბაზრის ინდექსმა დაიწია და სრულად დაკარგა მოგება, რომელიც არჩევნების დღიდან გაზრდილი იყო. მაჩვენებელი არჩევნების დღის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

ტრამპი მექსიკისთვისა და კანადისთვის დაწესებას საკუთარი მეორე ვადის პირველივე კვირებში აპირებდა, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი მარტამდე გადადო.

 

კომენტარები