სანამ ტრამპი სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოების წინააღმდეგ ტარიფებს დააწესებდა ისრაელმა ერთი დღით ადრე აშშ-დან იმპორტზე დარჩენილი ტარიფები გააუქმა.
გადაწყვეტილებას საბოლოოდ ჯერ კიდევ სჭირდება ისრაელის ეკონომიკის მინისტრის და პარლამენტის საფინანსო კომიტეტის ხელმოწერა. ისრაელის პრემიერმინისტრის აპარატის განცხადების თანახმად, ამის შემდეგ "აშშ-დან ყველა სახის იმპორტზე ტარიფები გაუქმდება".
ისრაელსა და აშშ-ს შორის ორმხრივი სავაჭრო მოცულობა 2024 წელს ჯამში 34 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
"ამერიკულ საქონელზე ტარიფების გაუქმება კიდევ ერთი ნაბიჯია კონკურენციისთვის ბაზრის გასახსნელად, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და ცხოვრების ხარჯების შემცირებისკენ [...] გარდა იმისა, რომ ამ ნაბიჯს ეკონომიკური სარგებელი მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი მოქალაქეებისთვის, ეს გადაწყვეტილება მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო გავაძლიეროთ ალიანსი და კავშირები ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის," - ამბობს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ეკონომიკის მინისტრ ნირ ბარკატთან და ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩთან ერთად გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, ტრამპის გუშინდელი ნაბიჯის შემდეგ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს ისრაელისთვის დაწესებული ტარიფების გამო.
"შოკში ვართ. დარწმუნებულები ვიყავით, რომ აშშ-დან იმპორტზე ტარიფების სრულად გაუქმება თავიდან აგვაცილებდა ამ ნაბიჯს. მაგრამ ასე არ მოხდა" - წერს ისრაელური მედიის, i24News-ის კორესპონდენტი ამიხაი სტაინი.
2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაზისო ტარიფი ყველა ქვეყანას დაუწესა.
ტრამპმა წარადგინა დიაგრამა, სახელწოდებით, ორმხრივი ტარიფები, რომელშიც სხვა ქვეყნების მიერ აშშ-ს მიმართ დაწესებული ტარიფები შედარებულია აშშ-ს ტარიფებთან.
ამასთან, დიაგრამაზე ჩანს, რომ აშშ დიდ ბრიტანეთს 10%-იან, ევროკავშირს კი 20%-იან ტარიფს დაუწესებს.
"ისინი გვახდევინებენ, ჩვენც ვახდევინებთ. როგორ შეიძლება, ვინმე ამაზე გაბრაზდეს". - თქვა ტრამპმა.





