აშშ-ს ტარიფები

კანადა აშშ-ს სავაჭრო პოლიტიკის პასუხად ამერიკულ მანქანებზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

აშშ-ს სავაჭრო პოლიტიკის საპასუხოდ, კანადა 25%-იან საბაჟო გადასახადს აწესებს იმ ავტომობილებზე, რომლებიც აშშ-დან თავისუფალი ვაჭრობის ზონის გარეთ შემოაქვთ.

ამასთან დაკავშირებით კანადის პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ 3 აპრილს ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტარიფები იმ ავტომობილებზე გავრცელდება, რომელთა იმპორტირებაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებს გარეთ ხდება და ასევე ასევე არაკანადური წარმოშობის ავტონაწილებზე, რომლებიც CUSMA-ს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ამავე დროს, ოტავას ტარიფები მექსიკაზე, CUSMA-ს წევრ მესამე ქვეყანაზე, არ გავრცელდება.

"დასრულდა ჩვენი ძველი ურთიერთობა, რომელიც შეერთებულ შტატებთან მუდმივ ინტეგრაციას გულისხმობდა. 80-წლიანი პერიოდი, როდესაც ამერიკამ თავის თავზე გლობალური ეკონომიკური ლიდერის როლი აიღო, დასრულდა" - თქვა კანადის პრემიერმინისტრმა.

კანადის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ მისი აზრით, აშშ-ს ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ამჟამინდელ სავაჭრო პოლიტიკას არ შეცვლის მანამ, სანამ ნათელი არ გახდება, რომ ამ კურსით ამერიკელი ხალხიც ზარალდება.

ამასთან, კანადას არ შეეხო ის 10%-იანი ტარიფები, რომლებიც აშშ-მ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას დაუწესა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაზისო ტარიფი ყველა ქვეყანას დაუწესა.

ტრამპმა წარადგინა დიაგრამა, სახელწოდებით, ორმხრივი ტარიფები, რომელშიც სხვა ქვეყნების მიერ აშშ-ს მიმართ დაწესებული ტარიფები შედარებულია აშშ-ს ტარიფებთან.

ამასთან, დიაგრამაზე ჩანს, რომ აშშ დიდ ბრიტანეთს 10%-იან, ევროკავშირს კი 20%-იან ტარიფს დაუწესებს.

"ისინი გვახდევინებენ, ჩვენც ვახდევინებთ. როგორ შეიძლება, ვინმე ამაზე გაბრაზდეს". - თქვა ტრამპმა.

კომენტარები