კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადამ ამერიკულ პროდუქციას 25%-იანი საპასუხო ტარიფები დაუწესა. ამის შესახებ ტრუდომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ტრუდოს თქმით, კანადა დააწესებს 25%-იან ტარიფს 155 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული პროდუქციის წინააღმდეგ – 30 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები დაუყოვნებლივ დაიწყება, 125 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე კი ტარიფები 21 დღეში შევა ძალაში.
კანადის პრემიერის თქმით, აშშ-მ სავაჭრო ომის დაწყება აირჩია, პარალელურად კი პუტინის დამშვიდებაზე საუბრობენ.
"დღეს აშშ-მ დაიწყო სავაჭრო ომი კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად, ისინი საუბრობენ რუსეთთან დადებითად მუშაობაზე, მატყუარა, მკვლელი დიქტატორის – პუტინის დამშვიდებაზე". - თქვა ტრუდომ.
ტრუდოს თქმით, ტარიფების დაწესება "სულელური ნაბიჯია", რომელიც პირველ რიგში, ამერიკელ ოჯახებს მიაყენებს ზიანს.
"ვაშინგტონმა თავისი დღის წესრიგის დივერსია აირჩია და დღეს ამ ტარიფების გამართლება ან საჭიროება არ არსებობს. ტარიფების დაწესება სულელური ნაბიჯია". - თქვა ტრუდომ.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 4 მარტს მექსიკასა და კანადაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა. ამოქმედდა ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებული დამატებით 10%-იანი ტარიფიც, რამაც ჩინურ პროდუქტებზე დაწესებული იმპორტის გადასახადი ჯამში 20%-მდე გაზარდა.
ჩინეთმა ტარიფების ამოქმედებიდან დაუყოვნებლივ მიიღო საპასუხო ზომები და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების იმპორტზე 10-15%-იანი იმპორტის გადასახადი დაამტკიცა და ამასთან, 25 ამერიკულ კომპანიას ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე საექსპორტო და საინვესტიციო შეზღუდვები დაუწესა.





