აშშ-ს ტარიფები

ტრამპი: ტარიფებისგან მიღებული შემოსავლით, თითქმის ყველა ამერიკელი 2 000 დოლარს მიიღებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფებიდან მიღებული შემოსავლები, შესაძლოა, ამერიკელების უმეტესობისთვის მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდების გადასაცემად გამოიყენონ.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ტარიფების მოტანილი შემოსავლით მთავრობა მალე დაიწყებს აშშ-ს ვალების დაფარვას. ამასთან, მისი თქმით, ყველა აშშ-ს მოქალაქე, გარდა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა, მინიმუმ 2 000 დოლარს მიიღებს.

"ტარიფების მოწინააღმდეგე ადამიანები სულელები არიან! ჩვენ ახლა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ყველაზე პატივცემული ქვეყანა ვართ. თითქმის არანაირი ინფლაციით და საფონდო ბირჟის რეკორდული ფასებით. ყველას (გარდა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა) გადაეცემა 2 000 დოლარის ღირებულების დივიდენდი". - წერს ტრამპი.

გასულ კვირაში აშშ-ს უზენაეს სასამართლოში დაიწყო განხილვა თუ რამდენად კანონიერია პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების აქტის (IEEPA) ფარგლებში ტარიფების დაწესების ცალმხრივი უფლებამოსილების გამოყენება.

ამავე საკითხზე თეთრი სახლის მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტარიფები
"ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს და აშშ-ს მთავრობის შემოსავალს ზრდის".

"ადმინისტრაცია მიმართულია იმისკენ, რომ ეს ფული ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები