რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის საგარეო პოლიტიკას, ეს ჩვენს ხედვას ემთხვევა

კრემლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად შეხვდნენ და განაცხადეს, რომ გეოპოლიტიკაზე ამერიკული ხედვა "დიდწილად ემთხვევა" რუსეთის ხედვას. კრემლის ოფიციალურ განცხადებას POLITICO ავრცელებს

"აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის საგარეო პოლიტიკის ყოველ კონფიგურაციას. ეს დიდწილად ემთხვევა ჩვენს ხედვას". - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. 

პესკოვის კომენტარის პარალელურად ევროპელი ლიდერები ვაშინგტონსა და კიევს შორის მზარდი განხეთქილების გამოსწორებას ცდილობენ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე დებატებში გადაიზარდა. 

POLITICO-ს ცნობით, პესკოვმა ასევე მოიწონა გასულ დღეებში გაეროში აშშ-ს მიერ იმგვარი რეზოლუციის წარდგენა, რომელიც რუსეთს აგრესორს არ უწოდებდა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ნეიტრალურ პოზიციას შეიცავდა. პესკოვმა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ამ ქმედებას უწოდა ისეთი რამ, "რისი წარმოდგენაც აქამდე [წინა ადმინისტრაციების პერიოდში] შეუძლებელი იქნებოდა". 

ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის. 

მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული უპრეცედენტო კამათის სრულ ტრანსკრიპტს.

შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა:

კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი

ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა. 

ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის. 

ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ. 

 "ჩვენ მშვიდობა გვსურს. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ჩამოვედი აშშ-ში და ვესტუმრე პრეზიდენტ ტრამპს. მინერალების შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობასთან მიახლოვებისკენ. ჩვენი სიტუაცია მძიმეა, თუმცა უბრალოდ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას, თუ არ გვექნება გარანტიები, რომ ხვალ პუტინი არ დაბრუნდება.

ამერიკის დახმარება გადამწყვეტი იყო ჩვენი გადარჩენისთვის დასახმარებლად და მე ამას ვაღიარებ. მიუხედავად უხეში დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვრჩებით. თუმცა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და პირდაპირები უნდა ვიყოთ, რათა ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები. 

ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გვქონდეს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ მშვიდობა ისე არავის სურს, როგორც ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც უკრაინაში ომი გადააქვს. ეს ბრძოლაა ჩვენი თავისუფლებისთვისა და გადარჩენისთვის". - დაწერა ზელენსკიმ. 

კომენტარები