28 თებერვალს, საბერძნეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის პარალელურად საყოველთაო გაფიცვაც მიმდინარეობდა. გამოსვლები საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის მეორე წლისთავს მიეძღვნა, რომლის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა.
ათენის ცენტრში დემონსტრანტთა რაოდენობა რამდენიმე ასეული ათასი იყო. დიდი მასშტაბის საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკში, ლარისასა და იანინაში, ისევე როგორც სხვა მრავალ ქალაქში.
28 თებერვალს, შუა დღისთვის, შავებში ჩაცმული მამაკაცების ჯგუფმა პოლიციელების მიმართულებით ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაიწყო, რის შედეგადაც პარლამენტთან ახლოს არსებული სიტუაცია დაიძაბა.
მომიტინგეების აგრესიულ ნაწილს, რობოკოპებმა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხეს და შეტაკებები დედაქალაქის ცენტრში გარკვეული დრო გაგრძელდა. პოლიციამ ათობით პირი დააკავა, თუმცა, საღამოს მდგომარეობა კიდევ ერთხელ დაიძაბა.
27 თებერვალს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, რომელიც სარკინიგზო კატასტროფის გამოძიებას ეხება, უბედური შემთხვევა ადამიანურ შეცდომას, მოძველებულ ინფრასტრუქტურას და სისტემურ ჩავარდნებს დაუკავშირა.
სარკინიგზო კატასტროფამ მთელი საბერძნეთი შეძრა და ბევრს მიაჩნია, რომ კონსერვატიულმა მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა ტრაგედიის მიზეზების გამოსააშკარავებლად. ფართოდ გავრცელებულია რწმენა, რომ მთავრობა ცდილობს მაღალი რანგის ოფიციალური პირების როლი დამალოს და პასუხისმგებელ პირებს ხელი დააფაროს.
მთავრობის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმ ჩავარდნებზე, რომლებმაც კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა, თუმცა ამ დრომდე ბრალი მხოლოდ სარკინიგზო სექტორის ოფიციალური პირებს აქვთ წარდგენილი.
მასობრივ გამოსვლებს კატასტროფის შედეგად დაღუპული 57 ადამიანის ნათესავები ხელმძღვანელობენ.
„მთელი სიმართლე უნდა გამოვლინდეს და პასუხისმგებლობა, განურჩევლად თანამდებობის სიმაღლისა, ყველა დამნაშავეს უნდა დაეკისროს. ყველა ერთად უნდა გავიდეთ ქუჩაში, რათა გამოვხატოთ ბერძენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აღშფოთება და მოთხოვნები“ - თქვა უმსხვილესი ბერძნული პროფკავშირის პრეზიდენტმა. ეს და სხვა პროფკავშირები უერთდებიან დემონსტრანტების მოთხოვნებს და მათ 28 თებერვლის გაფიცვაში შეუერთდნენ.
გაფიცვის გამო ფრენები და სარკინიგზო მომსახურება გაუქმდა, ბორნების მოძრაობა შეჩერდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვნად შეფერხდა. გავლენა კერძო ბიზნესებსა და საჯარო მომსახურებაზეც აისახა – ათენში მრავალი მაღაზია დაიხურა, ხოლო ვიტრინებზე მსხვერპლთა ოჯახებისადმი სოლიდარობის გზავნილები გამოჩნდა.
მომავალ დღეებში, სასულიერო მსახურებები ჩატარდება დედაქალაქის მართლმადიდებლურ ეკლესიებში იმ მსხვერპლთა მოსაგონებლად, რომლებიც, უმეტესად, უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.
მსხვერპლთა ოჯახები მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ აქცენტი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნაზე გაამახვილონ და არა პოლიტიკაზე.
„ეს დღე არის ხსოვნის, პატივისცემისა და გააზრების დრო. ის ეძღვნება მათ, ვინც უსამართლოდ დაიღუპა, დამწუხრებულ ოჯახებს და სამართლის ძიებას, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია" - ნათქვამია კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახების ასოციაციის განცხადებაში