საბერძნეთი

საბერძნეთში მეორე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

საბერძნეთში მეხანძრეები მეორე დღეა დასავლეთ ქალაქ პატრასთან და ორ ტურისტულ კუნძულებთან ახლოს ტყის ხანძრებს ებრძვიან.

ხანძრების შედეგად დაზიანდა სახლები, ფერმები და ქარხნები. ასევე, მასშტაბური ტყის ხანძრების გამო ათასობით მაცხოვრებლისა და ტურისტის ევაკუაცია გახდა საჭირო.

13 აგვისტოს მთავრობამ პატრასთან ახლოს მდებარე დაახლოებით 7 700 მაცხოვრებლის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ბერძნული საზოგადოებრივი მაუწყებლის, ERT-ის ცნობით, ათობით ადამიანი კვამლით მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივი საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დაახლოებით 13 მეხანძრე დამწვრობებითა და სხვა მსუბუქი დაზიანებებით დაშავდა.

ბოლო მონაცემებით ტყის ხანძრების ჩაქრობას თითქმის 5 000 მეხანძრე, 33 შვეულმფრენთან ერთად, ცდილობდა, რომლებიც ქარისა და ცხელი, მშრალი ამინდის გამო პატრასთან, ტურისტულ კუნძულ ქიოსზე და ზაკინთოსზე გავრცელდა.

"დღეს კიდევ ერთი ძალიან რთული დღე იქნება, რადგან ქვეყნის უმეტეს რეგიონში ტყის ხანძრის რისკი ძალიან მაღალია" — განაცხადა საგანგებო სამსახურის წამომადგენელმა. ზოგიერთ ადგილას ტემპერატურის 34 გრადუსამდე აწევა იყო პროგნოზირებული.

კომენტარები