საბერძნეთი

საბერძნეთი 5-დონიანი თავდაცვითი სისტემა აქილევსის ფარის შექმნას აპირებს

საბერძნეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ფარგლებში 5-დონიანი თავდაცვითი სისტემა აქილევსის ფარის შექმნას აპირებს.

ქვეყნის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, თავდაცვის სისტემა საბერძნეთს როგორც ბალისტიკური, ასევე საჰაერო, საზღვაო, წყალქვეშა და დრონებით თავდასხმებისგან. მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 2.8 მილიარდი ევრო იქნება და 2027 წელს ამოქმედდება.

საპარლამენტო სხდომაზე მიცოტაკისმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების საკითხზე ისაუბრა და მიმოიხილა თუ როგორ დაიხარჯება 2036 წლამდე გათვალისწინებული თავდაცვის ბიუჯეტი, რომლისთვისაც 27 მილიარდი ევროა განსაზღვრული. გამოსვლისას მიცოტაკისმა ხაზი გაუსვა ისრაელთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას ანტი-სარაკეტო შესაძლებლობების გაძლიერებაში.

ამასთან, საბერძნეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას Patriot-ის ტიპის თავდაცვითი სისტემები აქვს, თუმცა, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მომდევნო 4-5 წელიწადში ახალი სისტემის შექმნისთვის აუცილებელი რესურსის გამონახვა შესაძლებელია.

"ისრაელმა, რომელთანაც ჩვენ სტრატეგიული კავშირი გვაქვს, შეიძლება ეს შესაძლებლობა უფრო ადრეც მოგვცეს". - თქვა მიცოტაკისმა.

ამავდროულად, მიცოტაკისის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელურ კომპანია Elbit-თან 36 ერთეული PULS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის შეძენასთან დაკავშირებით. ასევე, გერმანულ კომპანიებთან IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

კომენტარები