ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ ე.წ. ბიტკოინების საქმეში ივანიშვილის ინვესტორობის შესახებ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს.
"ყველა სახელმწიფო ექსპერტი, ნათია თურნავა იქნება თუ სხვა, იგივე საგადასახადოს ექსპერტი, ყველა ეფუძნება პროკურატურის დადგენილებას. პროკურატურამ დაადგინა, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი და იმის გარშემო მოძრაობენ.
ეროვნულმა ბანკმა ქართუ ბანკის წერილის საფუძველზე დაადგინა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ყოფილა ინვესტორი. შესაბამისად, თავისივე პროკურატურის და ქართუ ბანკის მიერ გავრცელებულ ჩვენებებს ატრიალებენ და მოგვავლენენ როგორც ჭეშმარიტებას.
საგადასახადო ექსპერტმა, რომელიც დაიკითხა, პირდაპირ თქვა რომ მან უბრალოდ მიიღო ინფორმაცია, თუ რა პროცენტებით უნდა გადაეთვალა წილები ჩემსა და ივანიშვილს შორის და ამ პროცენტებით უბრალოდ არითმეტიკული კალკულაცია შეასრულა, რომელსაც ნებისმიერი სკოლის მოსწავლე შეასრულებდა.
ნათია თურნავამ, როგორც ივანიშვილმა, დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისი, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი არ არსებობს. მან მოიშველია ისევ ქართუ ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის მიწერილი წერილი, სადაც ქართუ ბანკი თვითონვე აღიარებს, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორი და ეს საკმარისი იყოო, რომ ჩვენ დაგეჯარიმებინა ქართუ ბანკიო". - ამბობს ბაჩიაშვილი TV პირველთან.
მისი თქმით, ნათია თურნავამ თვითონვე დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ისტორიაში, იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა სესხი ინვესტიციად გადააკვალიფიცირეს.
"რომ ჩავეკითხეთ თქვა, რომ ეს გადაკვალიფიცირებული ინვესტიცია არ ნიშნავდა ამ ბანკის მესაკუთრის ინვესტიციას, ანუ ეროვნული ბანკის პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა, როცა მათ რომელიმე ბანკის სესხი გადააკვალიფიცირეს ბანკის დამფუძნებლის ინვესტიციად " - განმარტავს ბაჩიაშვილი.
საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე 17 თებერვალს გამოიკითხა.
სხდომაზე თურნავამ განაცხადა, რომ "ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია".
ბაჩიაშვილის მტკიცებით, "არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა" და ივანიშვილს მხოლოდ სესხის სახით დახმარება სთხოვა, რომელიც შემდეგ გადაიხადა.
5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.