მზია ამაღლობელის შიმშილობა

გართულებების პრევენციის მიზნით, ამაღლობელი რჩება კლინიკაში – ჩხაიძე

ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მზია ამაღლობელი სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებასა და გართულებების პრევენციის მიზნით კვლავ რჩება ექიმების მონიტორინგის ქვეშ.

ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად უცვლელია და ჟურნალისტი თავს მხნედ გრძნობს.

"[მზია ამაღლობელის] ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, საკმაოდ მხნედ გრძნობს ქალბატონი თავს, თუმცა, მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად ახასიათებს ამდენხნიან შიმშილს. მოგეხსენებათ, ამაღლობელი ნახა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა, შემდეგ მოხდა ჩვენთან შეხვედრა და ერთობლივი რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. აქ საუბარი იყო სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებასა და გართულებების პრევენციაზე, რაც ახასიათებს ამდენი ხნის შიმშილობას. დღეს მკურნალ ექიმთან გავიარეთ ეს ყველაფერი, შესრულდა საკონტროლო კვლევები და ამის შემდეგ კიდევ შევხვდით პაციენტს, ავუხსენით მონიტორინგის აუცილებლობა. ქალბატონი მზია გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი ჩვენი კლინიკის პირობებში.

ზოგადი სისუსტე აქვს, ჩივილები იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს გარკვეული ტიპის გართულება, ამიტომ ინფორმირებულია ამის შესახებ და განაცხადა თანხმობა კლინიკაში დარჩენაზე". - თქვა ჩხაიძემ.

სახალხო დამცველის ეგიდით შედგენილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, გასტროენტეროლოგმა, გიორგი გვილიამ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას 7 თებერვალს თქვა, რომ "რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები", რომ პაციენტის გადასარჩენად "თუნდაც ძალიან მაღალი სამედიცინო ჩარევა" არ იქნება საკმარისი.

ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც  სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

ჯგუფში 4 ექიმი შედის: 

1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია;

2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები;

3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია;

4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია. 

 ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავსდაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები