მზია ამაღლობელის შიმშილობა

ამაღლობელის წერილი: ვეცდები კვების აღდგენას, არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ

ნეტგაზეთი

ბათუმელების რედაქტორმა, ეთერ თურაძემ და ნეტგაზეთის რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ კლინიკა ვივამედთან მზია ამაღლობელის შიმშილობსასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს, თურაძემ ამაღლობელის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, ჟურნალისტი წერს, რომ უახლოეს დღეებში შეეცდება, ექიმების დახმარებით კვება აღადგინოს.

"ბათუმში, "ოცნების ქალაქში" მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.

ამ დღეებში ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. 

სინდისის პატიმრებს: თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა.

განსაკუთრებით პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ." - წერს ამაღლობელი. 

ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

ბათუმელები დგებუაძის ჩვენებას აქვეყნებს:

"მზია ამაღლობელის დარტყმის შედეგად მე მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე ვიზუალურად აღმენიშნება სიწითლე, დარტყმის დროს განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა […] მზია ამაღლობელმა მე ხელით მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე, რა დროსაც ქურთუკი არ დაზიანებულა".

კომენტარები