ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურა ჩხაიძის განცხადებით, მზია ამაღლობელის შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე ორგანოების ფუნქციის მოშლის რისკის შემცველია და ექიმთა გუნდის რეკომენდაციით (რათა უკეთ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი), ჟურნალისტი კლინიკაში რჩება.
"ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი არის ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესი და ყოველი დღე გაგრძელებული შიმშილობის ეს არის დაკავშირებული რეალურ, შესაბამის გართულებასთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის უკვე ცილების წვა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს სხვადასხვა, პირველ რიგში, კარდიოასკულარულ გართულებებს, სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლას და ა.შ.
კლინიკა, რა თქმა უნდა, მზად არის და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამეციდინო სერვისს მონიტორინგის კუთხით. ყოველდღიურად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭიროა, ინსტრუმენტალური კვლევების ჩართვა და ა.შ." - თქვა ჩხაიძემ.
მისი განცხადებით, ამაღლობელს უჭირს გადაადგილება, მაგრამ ცდილობს, რომ აქტიური იყოს და იმოძრაოს.
ჩხაიძის ცნობით, ვივამედის საექიმო გუნდისა და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო გუნდის ერთობლივი რეკომენდაციაა, რომ ამაღლობელი მონიტორინგის პირობებში, კლინიკაში იმყოფებოდეს.
"ის აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს მოსალოდნელ გართულებებს და დათანხმდა, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს კლინიკის პირობებში." - აღნიშნა ჩხაიძემ. მისივე თქმით, ამაღლობელის გონების კარგვა არ აღენიშნება, თუმცა ყოველი მორიგი დღე უფრო მეტი საფრთხის შემცველია.
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 32 დღეა, შიმშილობს.
ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოცნება არ აპირებს საქმის გადახედვას, რადგან მზია ამაღლობელის მხრიდან "ვერანაირ სინანულს" ვერ ხედავენ.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.