საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 435.3 მილიონი აშშ დოლარი იყო, რა წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 6 560.4 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 16 874.9 მილიონი.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წელს, 10 314.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 287.4 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (859.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (724.5 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წელს, ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 69% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 8.7%, დანარჩენი ქვეყნების კი, 22.2%.

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 770.1 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (2 047.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 849.8 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წელს იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 27.2% იყო, დსთ-სი - 19.6%, დანარჩენი ქვეყნების კი - 53.2%.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური წერს, 2024 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (3 228.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 531.3 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (2 188.3 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 426.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37%-ია. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 322.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 288.6 მლნ. აშშ დოლარით (4.4%).

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 3 464.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 303.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.7%), ხოლო მესამეზე დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 622.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7%).
