პოლონეთი-რუსეთი

რუსეთი საჰაერო ტერაქტებს მთელს მსოფლიოში გეგმავდა - ტუსკი

 REUTERS/Aleksandra Szmigiel/File Photo

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ოთხშაბათს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რუსეთი საჰაერო ტერორისტული კამპანიის დაგეგმვაში დაადანაშაულა, ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერაქტებს, არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ავიახაზების წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში,“ – განაცხადა ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტ,, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას, თუმცა მას დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია.

The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვამ გააფრთხილა თეთრი სახლი, რომ რუსეთი სატვირთო თვითმფრინავებზე, რომლების დანიშნულების წერტილი აშშ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებას გეგმავდა. თეთრმა სახლმა კი კრემლი ასეთი ოპერაციის შეჩერების აუცილებლობის შესახებ გააფრთხილა.

მოსკოვს ევროპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საბოტაჟსა და GPS სიგნალების დაბლოკვაში  არაერთხელ დასდეს ბრალი. Politico-ს მიხედვით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ამ ქმედებებს მოსკოვის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს უკავშირებს.

2024 წლის აპრილში ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარტინ კუპკამ აღნიშნა, რომ რუსეთს ევროპული რკინიგზების დაზიანების „ათასობით მცდელობა“ ჰქონდა. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

რუსეთი ასევე  ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაშიც დაადანაშაულეს, რომლის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.

ამ ავიაკატასტროფის ფონზე, Politico-ს სტატიაში ასევე 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების რეისი MH17-ის კატასტროფა გაიხსენეს, რომელიც დონბასის ცაზე, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა და 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა რუსეთს თავისი დანაშაული MH17-ის ტრაგედიაში  ჯერაც არ უღიარებია.

კომენტარები