პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთში პუტინის დაკავებას არ გამორიცხავენ, თუ მისი თვითმფრინავი ქვეყანას გადაუფრენს

რადოსლავ შიკორსკი  

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ, რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტისკენ მგზავრობის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესვლის შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინის დაკავება არ გამორიცხა

"ჩვენ ვერ გავცემთ გარანტიას, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ გასცემს მსგავსი თვითმფრინავის დასმისა და ეჭვმიტანილის ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის ორდერს." - თქვა შიკორსკიმ Radio Rodzina-სთან საუბარში.

პოლონეთის საგარეო უწყების მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ ბუდაპეშტის სამიტი შედგება, სავარაუდოდ, პუტინის თვითმფრინავი პოლონეთის საჰაერო სივრცის გავლით არ იფრენს.

"ვფიქრობ, რუსულმა მხარემ ამის შესახებ იცის. და, შესაბამისად, თუ ეს სამიტი შედგება, იმედია, აგრესიის მსხვერპლის მონაწილეობით, თვითმფრინავი სხვა მარშრუტს აიღებს." - აღნიშნა შიკორსკიმ.

2023 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ნებართვა გასცა. მას ბრალად ედება ომის დანაშაული, რომელიც უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციას მოიცავს.

16 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის შემდეგ გამოაცხადეს, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს უნგრეთში შეხვდებოდნენ. თარიღი არ დაზუსტებულა.

უნგრეთში ხაზი გაუსვეს, რომ ვლადიმირ პუტინს დაკავების საფრთხე არ ემუქრება. ამას გარდა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გეორგ გეორგიევმა აღნიშნა, რომ, რუსეთის თხოვნის საფუძველზე, მზად არიან პუტინის თვითმფრინავს საკუთარ ცაში ფრენის უფლება მისცენ.

უნგრეთიც და ბულგარეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მონაწილეები არიან. 2025 წლის ზაფხულში უნგრეთმა ICC-ის იურისდიქციიდან გამოსვლის განაცხადი შეიტანა, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში ერთი წლის შემდეგ შევა. ამის მიუხედავად, უნგრეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის დაკავების ბრძანება ICC-ის მიერ ასევე გაცემულია. ბულგარეთი, როგორც ICC-ის მონაწილე, ვალდებულია პუტინი საკუთარ ტერიტორიაზე დააკავოს, თუმცა მისი თვითმფრინავის დასმის ვალდებულება არ არსებობს.

კომენტარები