პოლონეთი-რუსეთი

ტუსკის თქმით, სარკინიგზო საბოტაჟში ეჭვმიტანილია რუსეთისთვის მომუშავე 2 უკრაინელი

REUTERS/Kacper Pempel/File Photo 

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ვარშავის მახლობლად სარკინიგზო ხაზზე დივერსიის ჩადენაში ეჭვმიტანილები არიან უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსული სპეცსამსახურებისთვის მუშაობდნენ. ამის შესახებ მან სეიმის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ტუსკის თქმით, ორივე უკრაინელი პოლონეთში ბელარუსიდან შევიდა. ერთ-ერთი მათგანი ლვოვის სასამართლოს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიების მოწყობაში იყო ბრალდებული. მეორე, ტუსკის თქმით, წარმოშობით დონბასიდანაა. პოლონეთის პრემიერის თქმით, სპეცსამსახურებს ჯერჯერობით ეჭვმიტანილთა სახელების გამოქვეყნება არ შეუძლია. მან ასევე აღნიშნა, რომ დივერსიის მოწყობის შემდეგ ეჭვმიტანილებმა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება და საზღვრის მახლობლად მდებარე ბელარუსულ ქალაქ ტერესპოლში გადასვლა მოასწრეს.

აქამდე პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ამბობდა, რომ "ყველაფერი მიუთითებდა" დივერსიებში რუსული სპეცსამსახურების ჩართულობაზე.

გასულ დღეს, 17 ნოემბერს პოლონეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა ორი ინციდენტის შესახებ, რომლებიც 16 ნოემბერს, უკრაინის საზღვრისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზზე მოხდა. პრემიერმინისტრმა ტუსკმა მაშინ თქვა, რომ ეს იყო "უპრეცედენტო საბოტაჟის აქტი", რომლის შედეგადაც ვარშავა-ლუბლინის  სარკინიგზო მონაკვეთი დაზიანდა. დაზიანება ქალაქ ჟიჩინის რაიონში მატარებლის მემანქანემ აღმოაჩინა. აქამდე მას მატარებლის შეჩერება მოუწია. ამავე ხაზზე მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი, რომელსაც, ჯერჯერობით, დივერსიას არ ეძახიან.

ამ შემთხვევების შემდეგ პოლონეთმა მნიშვნელოვანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პატრულირებისთვის ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედროები გაგზავნა.

კომენტარები