პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთი რუსეთს რეპარაციებს მოსთხოვს საბჭოთა დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის

NurPhoto/Getty Images

პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ საბჭოთა პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის რეპარაციების მოთხოვნას ამზადებს.

ბარტოშ გონდეკმა, იმ ინსტიტუტის დირექტორმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთის ისტორიული დანაშაულების გამოძიება დაავალა, განაცხადა, რომ ეს კვლევა გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე ნაცისტური სისასტიკეების შესახებ ჩატარებული სამუშაო, რადგან ცივი ომის პერიოდში პოლონეთი კიდევ ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საბჭოთა გავლენის ქვეშ რჩებოდა.

ტუსკის მთავრობა ასევე მიიჩნევს, რომ პოლონეთი ამჟამად რუსეთის კიბერშეტევების ყველაზე ხშირი სამიზნეა. სამართალდამცავებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთისთვის ჯაშუშობდნენ.

გონდეკი ამ პროცესს “გრძელვადიან პროექტად” აღწერს, რადგან პოლონელ ისტორიკოსებს არ აქვთ წვდომა რუსეთის საიდუმლო არქივებზე, საბჭოთა პერიოდის მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი კი გაყალბებული ან განადგურებულია.

კრემლი დიდი ხანია უარყოფს 1940 წლის კატინის ხოცვა-ჟლეტის ტრაგედიას, რომელშიც პოლონეთის არმიის დაახლოებით 22 000 ოფიცერი და მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს მას შემდეგ, რაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა პოლონეთი გაიყვეს.

რუსეთის პარლამენტმა მხოლოდ 2010 წელს აღიარა, რომ კატინის მკვლელობების ბრძანება იოსებ სტალინმა გასცა, თუმცა 2022-ში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ისტორიის რევიზიონიზმის ახალი ძალისხმევა დაიწყო, რომლის სამიზნეც პოლონეთიც გახდა.

2023 წელს რუსეთის სახელმწიფო დუმის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ პოლონეთმა რუსეთს $750 მილიარდი უნდა გადაუხადოს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს საბჭოთა კავშირის მხრიდან ქვეყნის "გათავისუფლების" გამო.

კომენტარები